logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: მინდა, გიორგი გახარიას საზოგადოების წინაშე მივულოცო და ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში
- +

3 სექტემბერი. 2019. 12:18

 

„პოლიტიკურ საბჭოზე, მე, როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდეგ, შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევანისა“, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„როგორც უკვე მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. კვირას, საღამოს შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, სადაც შევათანხმეთ ეს საკითხი და მთელმა გუნდმა მადლობა გადაუხადა.

 

მე პირადად, დღესაც შემიძლია გავიმეორო, მამუკა ბახტაძე მადლობით გავუშვით თანამდებობიდან, საკუთარი სურვილით. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდა ძალიან კულტურული ფორმით და კარგია თუ ეს კულტურა დარჩება არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ მთელს საქართველოში. კაცი მოვიდა იდეებით, იყო მთავრობის  მეთაური, მან მოახერხა თავისი იდეების გუნდთან შეთანხმება, რეალიზებაში მოიყვანა დიდი ნაწილი და დანარჩენი, ასე ვთქვათ, პროცესები ჩაირთო და დაიწყო.

 

მან ჩათვალა, რომ თავისი სიტყვა თქვა და ადგილი დაუთმო ახალს, განვითარებას მისცა ადგილი. დიდი მადლობა გადავუხადეთ მთელმა გუნდმა და მე კიდევ მინდა საზოგადოებასთან პირისპირ, პირდაპირ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს მისი მოღვაწეობისთვის როგორც ფინანსთა მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის რანგში და მისი თანამდებობიდან კულტურული წასვლისთვის.

 

დღეს დილით, ჩვენ გვქონდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო. პოლიტიკურ საბჭოზე, მე, როგორც თავმჯდომარემ წარვადგინე პრემიერ-მინისტრის ახალი კანდიდატურა გიორგი გახარიას სახით. მივიღეთ სრული მხარდაჭერა. ამის შემდეგ, შეხვედრა გვქონდა უმრავლესობასთან, კითხვებიც არ დასმულა და ეს არის ობიექტური შეფასება ჩვენი არჩევანისა.

 

თქვენც, ჟურნალისტებიც და საზოგადოებაც კარგად იცნობთ გიორგი გახარიას. მან საკუთარი მოღვაწეობით, დაწყებული ბიზნეს ომბუდსმენიდან, შემდგომ ის გახლდათ ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მან ღირსეულად დაიმსახურა ამ პოსტზე მისი წარდგენა და მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი მას აუცილებლად დაამტკიცებს.

 

კიდევ ერთხელ, მინდა გიორგი გახარიას საზოგადოების წინაშე მივულოცო და ვუსურვო წარმატება მომავალ საქმიანობაში. გიორგი გახარია, წარმოგიდგენთ ცვლილებებს მთავრობაში, რომელიც მან წარუდგინა უმრავლესობას, ეს მისი პრეროგატივაა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი