logo_geo
მამუკა მდინარაძე: მინდა, მივუსამძიმრო „ნაციონალურ მოძრაობას“
- +

3 სექტემბერი. 2019. 15:31

 

„მინდა, მივუსამძიმრო „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ყველა დანაყოფით, ყველას ერთად, გავრილოვის რევოლუცია არ შედგა. სწორედ არშემდგარმა რევოლუციამ გამოიწვია მათი პოსტისტერია, რასაც დღეს ვხედავთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„სათქმელი არაფერი აქვთ, სტვენაზე გადავიდნენ, „კმარადან“ ვერ გამოვიდა ეს ხალხი. გასაგებია ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტი გარკვეულ შემთხვევებში და პატივს ვცემთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქციებით ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და მინდა, ვუთხრა მათ რა არის სინამდვილეში სირცხვილი.

 

სირცხვილია ოკუპაციის თემით სპეკულირება! სირცხვილია პარლამენტარის მიერ პარლამენტის შტურმისკენ მოწოდება! სირცხვილია ახალგაზრდებით მანიპულირება! სირცხვილია გავრილოვის რევოლუციის დაგეგმვა, რომელიც შემდეგ აღიკვეთა. სირცხვილია პოლიციელზე და პოლიციაზე ძალადობა! სირცხვილია ლაპარაკი იმაზე, რომ აგვისტოს ომით ამოისუნთქეს! სირცხვილია აგვისტოს ომიდან ორ თვეში ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერა და „გაპრავება“ თითქოს ეს იყო დიპლომატიური გამარჯვება. სირცხვილია ტყუილების ლაპარაკი აბსოლუტურად ყველა თემაზე. სირცხვილია წამების, მკვლელობების, სიტყვის თავისუფლების მკვლელების მხრიდან და ქონების ჩამომრთველების მხრიდან მორალზე ლაპარაკი და სირცხვილია ოკუპაციის შედეგებს უპროტესტებდე „ქართულ ოცნებას“ და თავად იყო „ნაციონალური მოძრაობა“. და „ნაციონალური მოძრაობაა“ სირცხვილი, მთავარი სირცხვილი ამ ქვეყნის! და სანამ ის იქნება მთავარი ოპონენტი ნებისმიერი ხელისუფლების, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მანამდე ეს სირცხვილი ექნება ჩვენ ქვეყანას.

 

ახლა რა ხდება სინამდვილეში. დეოკუპაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ხელშესახები შედეგები. მაგალითად, 2012 წლის შემდეგ და განსაკუთრებით ბოლო წლებში მიღებულია მხარდამჭერი 35 რეზოლუცია, 142 მხარდამჭერი განცხადება მაღალი ტრიბუნიდან. 8 დეკლარაცია, 24 ანგარიში, 6 საკანონმდებლო აქტი, 5 გადაწყვეტილება, 220 მსგავსი დოკუმენტი არსებობს. 2018 წელს პირველად, სახელდობრ ოკუპაციასთან დაკავშირებით, მიღებულია რეზოლუცია. მეორე მხრივ ჩვენ ქვეყანაში უამრავი რამ კეთდება. არის ასეულობით სოფელი, სადაც არასდროს ყოფილა არც გზა, არც წყალი და დღეს უკვე არის. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გავიგეთ, მივხვდით, ვიცით, გამოწვევებიც ვიცით. ბევრი რამ არის ისეთი გამოწვევა, რასაც ადექვატური პასუხი ჭირდება და რასაც ჰქვია სიღარიბე, ოკუპაცია და მესამე მთავარი გამოწვევა - ტყუილი. ტყუილია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამ ქვეყანაში, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა გვთავაზობს გამოწვევის სახით სამწუხაროდ. ამ ტყუილებში გვახსოვს „რუსთავი 2“ ორი წელი აჯერებდნენ ხალხს, რომ საშინელება ხდებოდა „რუსთავი 2“-ის ირგვლივ და ევროსასამართლომ თქვა, რომ ეს არის ტყუილი. არაფორმალურ მმართველზე დღემდე ლაპარაკობენ და ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ ხოლმე, მესიჯბოქსში აქვთ ჩაწერილი სააკაშვილის მიერ. ამ „არაფორმალურმა მმართველმა“, ბიძინა ივანიშვილმა დღეს საკუთარი ხელმოწერით პრემიერობის კანდიდატი წარუდგინა პარლამენტს. ამ ტყუილებსაც უნდა დავუპირისპირდეთ სხვა გამოწვევებთან ერთად და უკეთეს შედეგს დავდებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი