logo_geo
დავით ზალკალიანმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
- +

3 სექტემბერი. 2019. 15:31

 

გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრი ხოველ პოლანკო საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საქართველოსა და გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი და სამომავლო პრიორიტეტები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში.

 

„კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ისე მრავალმხრივ ფორმატებში აქტუალურ საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერის გზით. აღინიშნა საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები როგორც ორმხრივ დონეზე, ისე ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) ეგიდით, სადაც საქართველოს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. დაფიქსირდა პოზიციების სრული თანხვედრა ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ამასთან, სანდრა ხოველ პოლანკომ გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

 

გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოინახულა იუსტიციის სახლი და გაეცნო სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია გვატემალის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.

 

 

 

big_banner
არქივი