logo_geo
გიორგი ვოლსკი: ზოგიერთებმა წაიწერეს მაისურებზე, ზოგმა პლაკატებზე - „არა ოკუპაციას“ მაშინ, როდესაც...
- +

4 სექტემბერი. 2019. 01:43

 

 

„საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც მიიღო უმრავლესობამ – გიორგი გახარია წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მან ისაუბრა ოპონენტების შესახებ, რომლებმაც სხდომის დაწყებას ხმაურითა და სტვენით ხელი შეუშალეს.

 

„არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, განვითარებული დემოკრატია მაქვს მხედველობაში, სადაც არ არსებობს საინფორმაციო თუ პოლიტიკური ველი, სადაც დაშვებულია პლურალიზმი, სიტყვის თავისუფლება. გადახედეთ, არ არსებობს არც ერთი ქვეყანა, სადაც ამდენი სიცრუე ბატონობს საინფორმაციო ველზე. ისიც კი მოახერხეს ზოგიერთებმა, რომ წაიწერეს ზოგმა მაისურებზე, ზოგმა პლაკატებზე – „არა ოკუპაციას“ მაშინ, როდესაც თავად არიან ოკუპაციის მთავარი შემოქმედი. მოგაგონებთ იმასაც, არ არსებობს არც ერთი საერთაშორისო რეიტინგი, სადაც საქართველო არ დგას მოწინავე პოზიციებზე. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომ მძიმე პრობლემა, როგორიც არის უმუშევრობა, როგორიც არის სიღატაკე, დაძლეულია, თუმცა ტენდენციები მნიშვნელოვანია, გაუმჯობესებულია, კარგია, პოზიტიურია და ამაში თავისი წვლილი შეიტანა ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

 

არსებობს კიდევ ერთი აუცილებლობა. გადავხედოთ რეალობას. ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა გასული იყო სოფლებში, ხვდებოდა ხალხს. ეს გაგრძელდება და უნდა ითქვას ხაზგასმით, რომ თითოეული საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა, დაწყებული დაბალი რგოლიდან, დამთავრებული უმაღლესი რგოლით, არის საგანგებო მნიშვნელობის. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს და პროფესიონალიზმთან ერთად უნდა იყოს ყოველდღიური ზრუნვის საგანი თითოეული ადამიანის ყოფა და ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში.

 

ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა და ამაში კოლეგებიც დაგვეთანხმნენ. დღეს ოფიციალურადაც გვქონდა ამის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული უმრავლესობის სხდომის ფორმატში, საუკეთესო გადაწყვეტილებაა ის, რაც მიიღო უმრავლესობამ – წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები დესტაბილიზაციისკენ არიან მოწოდებულნი.

 

„დღევანდელ პროტესტთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი, რეალობაა ძალიან მძიმე. რეალობაა ის, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები არ იბრძვიან იმისთვის, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება დადგინდეს. ერთადერთი მიზანი ამ სტრატეგიისა არის ის, რომ ტოლობის ნიშანი დასვან იმ ბოროტებას შორის, რაც ჩაიდინეს, თარიღებს აღარ ჩამოვთვლი – მხოლოდ 2011 წლის 26 მაისი ეყოფა და იმ მოვლენებს შორის, რომელსაც სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა 20-21 ივნისს. ეს ტოლობის ნიშანი არ დაისმება. საზოგადოებას კარგად ესმის, რომ მკვლელობა, წამება, შეურაცხყოფა იყო სახელმწიფოს სტრატეგია.

 

ეს სტრატეგია სახელმწიფოს არ გააჩნია და არც მაშინ იყო, როდესაც იგერიებდა შეტევას პარლამენტზე. დღეს ვისაც სენტიმენტი გააჩნია, კიდევ დაფიქრდეს, ვის ექნებოდა და რა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა – დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია, რომელის ესოდენ უნდათ და რომლისთვისაც ესოდენ მოწადინებული არიან ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

big_banner
არქივი