logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: NATO-სთან თანამშრომლობა ჩვენი თავდაცვითი ძალების განვითარების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს
- +

5 სექტემბერი. 2019. 13:09

 

„საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების  პოლიტიკის მტკიცე და ურყევ  პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია რჩება,“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვანი ისტორიული შედეგი სახეზეა: „გვაქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ საკუთარი ძალებით და პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით ეტაპობრივად მოვახდინოთ ქვეყნის თავდაცვის ძალების განვითარება და NATO-სთან მაქსიმალური თავსებადობის მიღწევა.“

 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არსებულ საფრთხეებთან გამკლავებასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზანს მდგრადი, ეფექტური და ქმედითი თავდაცვის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს: „ამ მიზნის მისაღწევად ვხელმძღვანელობთ დემოკრატიული პრინციპებით და დასავლური ღირებულებებით. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება, მინდა მკაფიოდ და ხაზგასმით აღვნიშნო, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მიზნად ისახავს მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდას და ემსახურება ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას.“

 

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში NATO-სთან   თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.

 

„ჩვენი ჯარისკაცების დაუღალავი ძალისხმევით, ჩვენმა ქვეყანამ, როგორც საიმედო და ღირსეულმა პარტნიორმა, მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა ევროატლანტიკურ უსაფრთხოების მთელს არქიტექტურაში. საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საქართველო დღეს NATO-ს ღირსეული  სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ ვართ სანდო მოკავშირე და ყველაზე თავსებადი ასპირანტი სახელმწიფო  მთელს რეგიონში. ჩვენი ჯარისკაცების, მათი გმირობის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ NATO-სთან თანამშრომლობის განხორციელებას და ალიანსის წინაშეა აღებული ვალდებულებების და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას პრინციპით - უფრო მეტი NATO-ს საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი