logo_geo
ირმა ინაშვილი გიორგი გახარიას: ხართ თუ არა მზად, ჩვენთან ერთად იმუშაოთ, რომ ბავშვთა კვება გახდეს უფასო
- +

7 სექტემბერი. 2019. 14:19

 

„ხართ თუ არა მზად, ჩვენთან ერთად იმუშაოთ, რომ ბავშვთა კვება გახდეს უფასო“, – მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატებთან“ შეხვედრაზე.

 

„მოგეხსენებათ, საქართველოში ბავშვთა შიმშილის პრობლემა არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. ამ თემაზე მუდმივად ვსაუბრობ პარლამენტის ტრიბუნიდან. ამ თემასთან დაკავშირებით ცოცხალი შეხება მაქვს რეგიონებში, თბილისში ბავშვებთან, რომლებიც წარმოადგენენ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების შვილებს. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდ ტრაგედიასთან საქმე. სკოლებში არსებობს ე.წ. ნისიის რვეულები, ბავშვები ნისიად იღებენ სკოლაში ფუნთუშას, ასე იკვებებიან, შემდეგ გროვდება თვის ბოლოს გარკვეული გადასახადი და ამასაც ვერ იხდიან მათი ოჯახის წევრები.

 

როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდი, დამატებითი ინფორმაცია მივიღე, რომ პედაგოგებიც ნისიად იკვებებიან თურმე საქართველოს სკოლებში. აი, ამ ტრაგედიასთან გვაქვს ჩვენ საქმე.

 

დავაყენე პარლამენტში ინიციატივა, თქვენც მოგმართეთ რამდენჯერმე, რომ შევქმნათ კომისია და ერთობლივად შევიმუშაოთ საკითხი, რომ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება გახდეს უფასო, ახლაც გთავაზობთ, ფინანსთა მინისტრთან ერთად, განათლების მინისტრთან ერთად, დავსხდეთ, გავიაროთ ეს საკითხი, არის ჯერ კიდევ დრო და გადავიდეთ საჯარო სკოლებში უფასო კვების სისტემაზე, გამოინახოს ბიუჯეტში სახსრები, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაა მართლა, განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში.

 

ხართ თუ არა მზად, ამ საკითხთან დაკავშირებით იმუშაოთ ჩვენთან ერთად. თუ არ იმუშავებთ, ნუ იმუშავებთ ბატონო, არც ეგ არის პრობლემა, თავად გადაწყვიტეთ ეს საკითხი“, – მიმართა ირმა ინაშვილმა გიორგი გახარიას.

 

 

 

 

big_banner
არქივი