logo_geo
გიორგი გახარია: ჩვენ ბიზნესთან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ღია, უნდა დავეხმაროთ მათ, რომ ქართული ეკონომიკის გაძლიერება შეძლონ
- +

7 სექტემბერი. 2019. 18:38

 

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლისთვის ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და მისთვის სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრება მთავრობის მომავალი საქმიანობის პრიორიტეტად დაასახელა.

 

„რეალურად, ერთ რამ უნდა გვესმოდეს, ჩვენი ქვეყნის ძირითადი კონკურენტული უპირატესობა არის ადამიანური კაპიტალი, რომლის განვითარებაზეც ბევრი გვისაუბრია, ბევრს ვისაუბრებთ და კონცენტრირებულად ბევრს ვიმუშავებთ, თუმცა არის ეკონომიკური შემადგენელი ნაწილი, ეკონომიკური განზომილება, სადაც ჩვენს ქვეყანას აქვს საკმაოდ ბევრი კონკურენტული უპირატესობა. ერთ-ერთი გახლავთ სატრანსპორტო ნაწილი, სადაც ჩვენ ყოველთვის ვმუშაობდით და გავაგრძელებთ კონცენტრირებულად მუშაობას, არამხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურაში, იგულისხმება რკინიგზა, საავტომობილო გადაზიდვები, ინფრასტრუქტურული პროექტები, თუნდაც სატრანზიტო კომპონენტის გადმოტანა სერვისების განზომილებაში. დღეს გვქონდა საუბარი თავისუფალ ეკონომიკურ ზონებზე, ჩვენ ნაკლებად გვაქვს ათვისებული ჩვენი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების პოტენციალი და კიდევ ბევრი რამე. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანური რესურსი არის ის ძირითადი, რამაც შეიძლება ეს ყველაფერი გახადოს რეალისტური და შედეგის მომტანი, იმიტომ რომ ამას ყველაფერს აკეთებენ ადამიანები.

 

რა თქმა უნდა, ბიზნესი არ არის ხელშეუხებელი, მაგრამ ეს არის ის სექტორი, ეს არის ის მიმართულება, რომელიც დღეს ქმნის სამუშაო ადგილებს. დღეს ჩვენ ყველას უნდა დავეხმაროთ, რომ ხვალ - დღეს სახელმწიფოზე გადანაწილებული სოციალური პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ.

 

ეს არის ძირითადი ფორმულა, რისკენაც იქნება მიმართული ჩვენი ყოველდღიური მუშაობა. ჩვენ ბიზნესთან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ღია, უნდა დავეხმაროთ მათ, რომ ქართული ეკონომიკის გაძლიერება შეძლონ. ეს შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ფორმებით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ახალი ბაზრების ათვისებაში, ექსპორტის განვითარებაში, საწარმოს სიმძლავრეების, ძირითადი საშუალებების განახლებაში, უნდა დავეხმაროთ მათ სამუშაო ძალის მომზადებაში, მაგრამ რაც მთავარია, უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ ბიზნეს გარემო, საკანონმდებლო ჩარჩო მათთვის იყოს პროგნოზირებადი. შესაბამისად, მე გპირდებით, რომ არაფერი ბიზნესთან დაკავშირებით, ბიზნესთან კონსულტაციის გარეშე არ მოხდება. თუმცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ძლიერ, ფეხზე დამდგარ ბიზნესს, რომელსაც სახელმწიფო უდგას გვერდით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მას აქვს კონკრეტული სოციალური ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, რომელიც ბიზნესმა თავის მხრივ უნდა შეასრულოს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა არის ყოველდღიური, ერთობლივი შრომა, სწორედ ამას ვგულისხმობ. ეფექტური ბიუროკრატია, ძლიერი ეკონომიკა, სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, დისციპლინა. ეს არის ის მიმართულებები, სადაც ჩვენ შეგვიძლია, ამ მოკლე ვადაში, 1 წელიწადში, კონკრეტული შედეგები და კონკრეტული პროგრესი დავანახოთ როგორც ამომრჩეველს, ისევე თითოეულ მოქალაქეს, დეპუტატებს, ბიზნესის წარმომადგენლებს და საერთოდ ჩვენს აქტიურ მოქალაქეებს“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი