logo_geo
გიორგი გახარია: დიდი პრობლემაა, როდესაც სიცრუით და მოდელირებული რეალობით ხდება ჩვენს რიგით მოქალაქეებზე ზემოქმედება
- +

8 სექტემბერი. 2019. 11:46

 

 

„ჩვენ აგრესიულ რიტორიკას, აგრესიულ მოდელირებულ რეალობას უნდა დავუპირისპიროთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე ჩვენთვისაც არის გამოწვევა“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უნდა უყარონ კენჭი.

 

„არის კიდევ ერთი პრინციპი, რომელზე საუბარიც მაიძულა ბოლო დღეებში თუნდაც პარლამენტში მიმდინარე მოვლენებმა და რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარებაზე საუბარი ალბათ, ზედმეტი იქნება, ეს არის - სიმართლე. მეგობრებო, ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს, როდესაც სიცრუით და მოდელირებული რეალობით ხდება ჩვენს რიგით მოქალაქეებზე, მათ ფსიქიკაზე, მათ მორალზე ელემენტარული ზემოქმედება. ეს არის ის დამანგრეველი ძალა, რომელიც ქმნის ილუზიებს. როდესაც სიცრუით სიმართლის ჩანაცვლება ხდება, როდესაც ჩვენ მოქალაქეს უბრალოდ არ ვაძლევთ საშუალებას ობიექტური რეალობა შეაფასოს ისე, როგორც არის, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ეს ობიექტური რეალობა, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ სახარბიელო არ არის ხშირ შემთხვევაში და, რა თქმა უნდა, ეს იწვევს უდიდეს დეპრესიას და ქმნის უდიდეს დაძაბულობას ქვეყანაში ყველა მიმართულებით და ეს ხელს უშლის ქვეყნის პოზიტიურ განვითარებას. ყველაზე მნიშნველოვანი არის ის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საყოველთაო საკითხებიც კი სიცრუის საშუალებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. მაგალითად: ოკუპაცია. ჩვენ ყველა შეთანხმებული ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი ქვეყნის და ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას, მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ოკუპაციის შეფასებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღებელია. საერთოდ სამშობლოს სიყვარული და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრივატიზება არის დაუშვებელი.

 

სიმართლე პირველ რიგში გამოწვევა არის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია, არ გვეშინია იმიტომ, რომ ის საბაზისო ფასეულობები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში დამკვირდა და რომელმაც ადამიანებს მოუტანა ძირითადი თავისუფლებები - გაათავისუფლა ის ძალადობისგან, მოუტანა საკუთრების უფლების დაცვა, ელემენტარული სოციალური პირობების დაცვა და ა.შ. ეს უკვე საკმარისი არ არის და ეს ფასეულობები ჩვენ უნდა გავაფართოვოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას უყრიან კენჭს. პლენარულ სხდომას არ ესწრება „ევროპული საქართველო“.

 

 

 

 

big_banner
არქივი