logo_geo
გიორგი გახარია: ოფიციალურად დასაქმებულთა რაოდენობა, რომელიც სხვა დაწესებულებისგან იღებს ხელფასს, გადასცდა 51%-ს
- +

8 სექტემბერი. 2019. 14:58

 

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო დასაქმების საკითხს და ხაზი გაუსვა, რომ აღწერითი სტატისტიკა ბოლომდე ვერ გადმოსცემს დასაქმების კუთხით არსებულ რეალურ პრობლემატიკას.

 

„ჩვენ ხომ ყველას გვახსოვს, რომ ამ ქვეყნის სისტემური პრობლემა იყო დასაქმების გაზომვა. იმიტომ, რომ თვითდასაქმებულსაც მთელი ცხოვრება ვთვლიდით დასაქმებულად და ვამბობდით, რომ ჩვენი დაუსაქმებელი მოსახლეობის რაოდენობა არის თუ არ ვცდები 12%. მაშინ როცა დასაქმებულებიდან 40%-ზე მეტი არის თვითდასაქმებული, რომელიც აღქმის დონეზე თვითონ თავს დასაქმებულად არ თვლის. დღეს უკვე  ოფიციალურად დასაქმებული - და არა თვითდასაქმებული - ადამიანი, რომელიც სხვა დაწესებულებისგან ან სხვა ადამიანისგან იღებს ხელფასს, პირველად, ამ ქვეყნის ისტორიაში გადასცდა 51%-ს. ზრდის დიდი ნაწილი არის კერძო სექტორზე, თუმცა საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა გახარიამ.

 

გიორგი გახარიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასაქმებულთა ანაზღაურება არ არის იმ სტანდარტების, როგორიც ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა უნდა ამოვიდეთ არსებული რთული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნიდან, რაც ხელშესახები უნდა იყოს დღესვე და გაგრძელდეს მომავალში.

 

„ჩვენ არ უნდა შევადაროთ ჩვენი თავი განვითარებულ, ან თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ჩვენ ჩვენი თავი უნდა შევადაროთ სად ვიყავით ჩვენ გუშინ და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს სად ვიქნებით ჩვენ ხვალ. სხვა ყველაფერი არის ილუზია და პოპულიზმი“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი