logo_geo
გიორგი გახარია: მე ვიცავ ეფექტურ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა
- +

8 სექტემბერი. 2019. 16:03

 

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის მუშაობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც მუშაობდნენ.

 

„როდესაც თქვენ ამბობთ, რომ „თქვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებთ“, დღეს, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ამ ქვეყანაში, თუკი ვინმე არის, ეს არის კეთილსინდისიერი, საშუალო ბიუროკრატია. ესენი არიან დამიანები, რომლებიც პოლიტიკური კონიუნქტურის გაუთვალისწინებლად და ამ კონიუნქტურიდან ცალკე, ამ ქვეყანას და მის მოქალაქეებს ემსახურებიან. შეიძლება, პოლიტიკური დაკვეთების კონტექსტში, მათ რაღაც გადაცდომები ჰქონდათ - ვიღაცას ჰქონდა მეტი, ვიღაცას ჰქონდა ნაკლები, მაგრამ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ გამოვდივართ და ვამბობთ, რომ პოლიცია უნდა იყოს აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური და პირველ რიგში, ბიუროკრატია უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური, მაგრამ მისი ძირითადი განმსაზღვრელი, შემფასებელი არგუმენტები უნდა იყოს ეფექტურობა და კეთილსინდისიერება, სხვა ყველაფერი არის შეუძლებელი. მაშინ გამოდის, რომ ეს ბულინგის მსხვერპლი ხალხი, რატომ არიან ცუდ დღეში? არიან როგორც „ნაც.მოძრაობის“ მხრიდან, დღეს, თქვენი მხრიდანაც. მაშინ როდესაც, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქვეყანას და მათი კარიერული წინსვლა, ზრდა, პროფესიონალიზმი, კომპეტენცია უნდა იყოს შენარჩუნებული, იმისდა მიუხედავად ვინ დგას ამ მიკროფონთან, ან ხვალ ვინ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკური თავდასხმების შედეგად, ჩვენ წლების განმავლობაში, ვერ შევქმენით ეფექტური ბიუროკრატია და თუ ასე გავაგრძელებთ, ვერ შევქმნით, იმიტომ, რომ ეს ბიუროკრატია ხან არის „ნაც.მოძრაობის“ თავდასხმების მსხვერპლი და ამ ხალხს უბრალოდ აბულინგებენ და აშინებენ. მარტო მათ არა, მათ ოჯახის წევრებს ემუქრებიან. მათ კი არა, მეც მემუქრებიან. ისევე როგორც, ახლა თქვენი მხრიდან გახდნენ თავდასხმის შედეგი.

 

არის ორი მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც ჩვენ გვაქვს- ეს არის სიცრუე, როგორ პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს მოქალაქეზე, ეს არის რევანშის ერთ ინსტრუმენტი და მეორე არის დეპრესიამდე მიყვანილი, დაბულინგებული ბიუროკრატია, რომელიც არის გაშეშებული და უბრალოდ, სახელმწიფო დაიცვას კი არა, თავისი თავის დაცვის პრობლემა აქვს. შესაბამისად, პირველ რიგში, მე ამ ადამიანებს მინდა, მხარი დავუჭირო და დავპირდე მათ, რომ მათი შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი იქნება მათი კომპეტენცია, ეფექტურობა და კეთილსინდისიერება და სხვა არაფერი. მათ კარიერული ზრდის ძირითადი მოტივებიც იქნება ეს. მე ვიცავ ეფექტურ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს, რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა. ამ საჯარო მოხელის გარეშე, ეს სახელმწიფო ვერ იფუნქციონირებს. განსაკუთრებით ვიცავ ამ საჯარო მოხელეების საშუალო რგოლს, იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ყოველდღიური მხარდაჭერა, მათ პროფესიონალიზმის ზრდა და მათ ყოველდღიური ზოგ და ხშირ შემთხვევაში, გმირული ქმედებების შეფასება და დანახვა უბრალოდ და არა ბულინგი, იმისთვის, რომ ისინი თავის მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

big_banner
არქივი