„ვეცდებით ხალხის და პარლამენტარების ნდობა გავამართლოთ“, - ამის შესახებ ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო დეპუტატებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ვინც მხარი დაგვიჭირა. მთავრობის ყველა წევრს, პრემიერ-მინისტრს და ყველა ჩემს კოლეგას მინდა მივულოცო. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ნდობა გავამართლოთ“, - განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, გომელაურის თქმით, შს სამინისტროში მასშტაბურ ცვლილებებს არ გეგმავს.
„ეს შეიძლება უმნიშვნელო ცვლილებები იყოს“, - განაცხადა გომელაურმა.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას, გომელაურის თქმით, აღნიშნულს გადაწყვეტს გუნდი.
„მოვალეობას ასრულებს ჩემი პირველი მოადგილე, დანარჩენს გადაწყვეტს პრემიერ-მინისტრი და გუნდი“, - განაცხადა გომელაურმა.
ამასთან, მან 20 ივნისის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და მათთან უწყება ითანამშრომლებს.