logo_geo
კურტ ვოლკერი: ხალხი უნდა გაერთიანდეს მთავარი ეროვნული მიზნების გარშემო, როგორიცაა დემოკრატია
- +

9 სექტემბერი. 2019. 14:15

 

 

 

„2008 წლის აგვისტოს ომი, რუსეთის ინტერვენცია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ დასრულებულა. აგრესია დღეს გრძელდება სხვადასხვა ფორმით – „ბორდერიზაციით“ და ახალი ტერიტორიების მიტაცებით, საზოგადოებაზე ზეწოლის გაგრძელებით“, – ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა თბილისში  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

 

„როგორც საერთაშორისო დელეგაციების ნაწილს, რომლებიც გუშინ საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდით, შესაძლებლობა გვქონდა, გვენახა ხაზს იქით ფე-ეს-ბეს-ს ბაზა აღმართული რუსული დროშით. აი, ეს ხდება საქართველოში დღეს, ყოველდღიურად“, – განაცხადა ვოლკერმა.

 

კურტ ვოლკერის თქმით, 2019 წლის თბილისის საერთაშორისო კონფერენცია განსაკუთრებულია რამდენიმე მიზეზით. კერძოდ, იმით, რომ ეს არის მეხუთე კონფერენცია და მას ესწრება სენატორი, ჯონ მაკკეინის ოჯახის წევრი – სინდი მაკკეინი. ამასთან, კურტ ვოლკერის თქმით, კონფერენცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ ღონისძიებაზე წარმოადგენენ ჯონ მაკკეინის უკანასკნელი წიგნის ქართულ თარგმანს.

 

კურტ ვოლკერმა ასევე აღნიშნა, რომ კონფერენცია გამოირჩევა იმითაც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წელს საქართველოში ზაფხული პოლიტიკურად ყველაზე რთული იყო.

 

„ჩვენ ვნახეთ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსეთის დუმის წევრი, რომელიც მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ვიხილეთ მასობრივი პროტესტი ამის წინააღმდეგ, ვნახეთ, რომ ეს პროტესტი გახდა ძალადობრივი და ვიხილეთ მასზე პოლიციის პასუხი და რეაგირება. ვნახეთ ცვლილებები მედიაგარემოში, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული ცვლილებები. გუშინდელის შემდეგ კი საქართველოს ჰყავს ახალი მთავრობა“, – აღნიშნა კურტ ვოლკერმა.

 

მისივე თქმით, საქართველო არის პატარა ქვეყანა ძალიან დიდი სერიოზული გამოწვევებით.

 

„საქართველო არის ცენტრალური ევროპის ქვეყანა ცუდ სამეზობლოში. საქართველოს მოსახლეობა, როგორც საზოგადოება, არის ზედმეტად დაყოფილი. ხალხი უნდა გაერთიანდეს მთავარი ეროვნული მიზნების გარშემო, როგორიცაა დემოკრატია, საქართველოს ევროპული მისწრაფებები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა. საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის ერთადერთი ინტერესია საქართველოს მოსახლეობის დაყოფა. ვიმედოვნებ, 2020 წლისთვის საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას პროპორციული სისტემისკენ გამოიყენებს ქართველი ხალხი, ამომრჩევლები, საზოგადოება, ოპოზიცია, მთავრობა, რათა საქართველოს დემოკრატია გაძლიერდეს, დაუმტკიცონ საკუთარ თავსა და დასავლეთს, რომ საქართველო იმსახურებს მხარდაჭერას ტრანსატლანტიკური საზოგადოებისგან, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფის“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი