logo_geo
დავით ზალკალიანი: საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერით წინ მივიწევთ
- +

10 სექტემბერი. 2019. 10:37

 

 

„სენატორ მაკკეინისა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერით ჩვენ წინ მივიწევთ“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, თუ შევადარებთ იმას, რა იყო საქართველო 10 წლის წინ, ამჟამინდელ სიტუაციასთან პროგრესი თვალსაჩინოა.

 

„ჩვენ ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანა ვართ და საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც NATO-ს წევრობაა. ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, როგორიცაა ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, NATO-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტი, საქართველოს მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ავღანეთში, სადაც ჩვენ ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი მისიის უმსხვილესი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძვით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. დანაკარგი განვიცადეთ, 33 ქართველი დაიღუპა ავღანეთში. ეს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი ჩვენი წვლილია და ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილეობა იქ“,- განაცხადა ზალკალიანმა.

 

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობისთვის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია.

 

„ეს ასახულია ჩვენს მთავარ დოკუმენტში – კონსტიტუციაში. ასევე მრავალ საპარლამენტო რეზოლუციაში, სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. ის ოთხ პრინციპს მოიცავს და ერთ-ერთი მათგანია ქვეყნის სრული ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. მოხარული ვარ, რომ ჩვენ წინ მივიწევთ, ვაჩვენებთ სერიოზულ რეფორმებს თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში და ეს რეფორმები არის სამაგალითო. ბრიუსელის სამიტის ბოლო გადაწყვეტილება, მიღებული დოკუმენტი საუბრობს ამ პროგრესზე და ჩვენი ინტეგრაციის პროცესს ახალ განზომილებას ანიჭებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოებას გულისხმობს. ჩვენ შევძელით იმის მიღწევა, რომ ამ დოკუმენტში ასახულიყო რამდენიმე კონკრეტული ელემენტი, რომელიც გვინდა პრაქტიკაში გადმოვიტანოთ. სრულად ვუჭერთ მხარს NATO-ს სტანდარტს, რომელიც სამხედრო ხარჯების მშპ-ს 2 პროცენტს და ძირითად შეიარაღებაზე 20%-ს გულისხმობს. მე მჯერა, რომ ყველაფერი ეს საჭიროებს NATO-ს მოკავშირეების მხრიდან შესაბამის შეფასებას და რეაგირებას. ჩვენ გვსურს, რომ ეს პროგრესი აისახოს მომავალ მინისტერიალზე“. – განაცხადა ზალკალიანმა.

 

ზალკალიანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარება გაგრძელდება ზოგიერთი სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნის საქართველოს NATO-ში გაწერვიანებასთან დაკავშირებული დამოკიდებულების მიუხედავად.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მომავალ თვეში ბათუმში დაგეგმილია ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და ეს იქნება საქართველოს პროგრესის მორიგი დემონსტრირება.

 

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს საკითხს განიხილავდნენ მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის ვაშინგტონში დაგეგმილ მინისტერიალზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ შეიძლება არ მიგვიწვიონ, თუმცა მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს საკითხი უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგში“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

 

 

big_banner
არქივი