logo_geo
ანდერს ფოგ რასმუსენი: ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ეს კურსი
- +

10 სექტემბერი. 2019. 11:28

 

„მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე NATO-ს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის“, – ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

 

შეხვედრის მოდერატორმა რასმუსენს შემდეგი კითხვა დაუსვა – საქართველო უკვე 11 წელია იღებს NATO-სგან ყოველწლიურ ეროვნულ გეგმას, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა,  როგორ ფიქრობთ, სჭირდება თუ არა საქართველოს კიდევ მაპ-ი (MAP) NATO-ში გასაწევრიანებლად.

 

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია.

 

„მე კარგად მესმის, რომ საქართველოში ბევრ ადამიანს მოთმინება ეწურება. ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები. ეს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია. ბუქარესტის სამიტამდე ჩვენ განვიხილავდით, მიგვეცა თუ არა მაპ-ი საქართველოსა და უკრაინისთვს. ჩვენ ვერ მივაღწიეთ საჭირო მხარდაჭერას ამისთვის. როგორც იცით, NATO-ში გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ ერთხმად ხდება, ხოლო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული წინააღმდეგობა. ამის ნაცვლად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ გახდებით NATO-ს წევრი. ეს გზავნილი უფრო ძლიერია, რადგან წევრობის სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს გარანტიას, რომ თქვენ გახდებით წევრი. თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან წევრები“, – განაცხადა რასმუსენმა.

 

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, ის მხარს უჭერდა საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას და ის, რომ ამ ქვეყნებს მაპ-ი არ მიენიჭათ, არასწორი გზავნილი იყო რუსეთისთვის.

 

„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებზე მუშაობას ამ კომისიების ფარგლებში და ეს პროცესი კარგად მიდის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წელს ჩვენ არასწორად მოვიქეცით. მე მხარს ვუჭერდი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ეს. ვფიქრობ, ჩვენ გავუგზავნეთ არასწორი გზავნილი პუტინს. ეს იყო მერყეობის, სიმტკიცის ნაკლებობის გზავნილი და მან გამოიყენა ეს სიტუაცია. მე ვხედავ მკაფიო კავშირს 2008 წლის აპრილის სამიტზე NATO-ს მერყეობასა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე თავდასხმას შორის. მას სურდა მკაფიო გზავნილის გაგზავნა საქართველოსა და NATO-სთვის – ნუ ჩაერევით ჩვენს სამეზობლოში. ასე რომ ვფიქრობთ, ჩვენ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება, საქართველოსა და უკრაინისთვის მაპ-ის მინიჭებით. თუმცა ეს არ გავაკეთეთ“, – განაცხადა რასმუსენმა.

 

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის თქმით, გრძელდება რეფორმების პროცესი და მნიშვნელოვანია, საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს.

 

„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმების პროცესს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ეს კურსი, გააგრძელოს რეფორმები, NATO-ს კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რადგან როდესაც NATO იქნება მზად, თქვენც უნდა იყოთ მზად NATO-ში შესასვლელად“, – განაცხადა კონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი