logo_geo
„რაც შეეხება მეხუთე მუხლის გარეშე NATO-ს წევრობას, ეს თემა ხვალვე გადაწყდება, თუ NATO-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ“
- +

11 სექტემბერი. 2019. 13:13

 

 

 

„ვიღაც ეცადა, წარმოეჩინა, თითქოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილ გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს ან NATO-ს რამე კითხვის ნიშანი აქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით. სასიხარულოდ, ამ თემამ განვითარება ვერ პოვა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

ამასთან, მისი განცხადებით, რაც შეეხება NATO  წევრობასა და მეხუთე მუხლის საკითხს, ამას მხოლოდ საქართველო არ წყვეტს.

 

„რაც შეეხება მეხუთე მუხლის გარეშე NATO-ს წევრობას, ეს თემა ხვალვე გადაწყდება, თუ NATO-ს წევრი ქვეყნები ამაზე თანხმობას გამოაცხადებენ და სათანადო მუშაობა იქნება იმისთვის, რომ მას დაძაბულობის გაღვივება არ მოჰყვეს. ამ საკითხს მხოლოდ საქართველო არ წყვეტს, პარტნიორებთან კონსულტაციებია საჭირო ამ გადაწყვეტილების რეალობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

 

დეპუტატის შეფასებით, ნებისმიერი თემის კითხვების გარეშე მიღება საზოგადოებას არ უნდა ახასიათებდეს არც საქართველოში და არც საფრანგეთში.

 

„ოპონენტებს პასუხისმგებლობა არაფერზე არ აქვთ, ერთადერთი მიზანია, როგორმე დაძაბულობა და სტრესი შემოიტანონ საზოგადოებაში. ამაზე ინტენსიური კონსულტაციები რომც მიდიოდეს, ბევრი საკითხია, რაზეც ასეთ დესტრუქციულ ოპოზიციასთან არავითარი ანგარიშვალდებულება არ გვაქვს. თემა დაისვა, ეს საკითხი ახალი არ არის“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკ-კეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, გუშინ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ NATO-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს NATO-ში.

 

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

big_banner
არქივი