logo_geo
„საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის სრული დაცვით მოხდება“
- +

11 სექტემბერი. 2019. 20:01

 

„ალიანსი მუდმივად აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მუდმივად მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას თავის პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიმართულებით და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

 

კონსტანტინიდის განმარტებით, ყველა აღნიშნული გზავნილი უცვლელად აისახებოდა და აისახება NATO-ს ყველა დეკლარაციასა თუ კომუნიკეში, ისევე, როგორც ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.

 

„ანალოგიურად ეს გადაწყვეტილება ბოლო წლების არაერთ დოკუმენტშია ასახული. შესაბამისად, ალიანსის გადაწყვეტილება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების კუთხით არის ურყევი. რასაკვირველია, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება მოხდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის სრული დაცვით“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

 

ამასთან, მისი თქმით, NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის მოსაზრება საქართველოს წევრობისა და მეხუთე მუხლის შესახებ, ახალი არ ყოფილა.

 

„ეს მოსაზრება ახალი არ იყო, ადრეც გაცხადებულა მსგავსი მოსაზრებები, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის მოსაზრებები, რაც თავად ოფიციალური NATO-ს პოზიციას უკავშირდება. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო, სხვადასხვანაირად იყო აღქმული, ამიტომ ამ სპეკულაციებში რომ არ შევიდეთ, პირველი, რასაც ჩვენ სახელმწიფო, როგორც უწყება ვამბობთ, პირველი პრინციპი და მთავარი გზავნილი იქნება, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, მსჯელობა, პროცესი გამომდინარე იქნება მხოლოდ და მხოლოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული პრინციპის დაცვით“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

 

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რასმუსენის მოსაზრების ცალსახა შეფასება ამ ეტაპზე სწორი არ იქნება და გასათვალისწინებელია ბევრი ნიუანსი.

 

„გააჩნია დისკუსია დაიწყება თუ არა, რა მიმართულებით წავა, ძალიან ბევრი ნიუანსია. ამისთვის ცალსახად შეფასების მიცემა დღეს მართებული არ იქნება. NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას ჩვენ განვიხილავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, მაგრამ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქვეყანა და ხელისუფლება სხვა ინსტრუმენტებსაც იყენებს, რომ მოხდეს ქვეყნის საბოლოო დეოკუპაცია და აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

 

ამასთან, როგორც მან განმარტა, NATO-ს ყოფილმა გენმდივანმა მოსაზრება შესახებ მსჯელობისთვის განაცხადა და ეს არ ნიშნავს, რომ საკითხი გადაწყვეტილია ან სახელმძღვანელოა.

 

„ჩვენი ამოსავალი პრინციპი არის მხოლოდ ის, რომ როგორი პროცესიც არ უნდა იყოს, ამაზე საუბარი შედგება თუ არ შედგება, ექსპერტულ დონეზე გაგრძელდება საუბრები, ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის პრინციპი უნდა იქნას გათვალისწინებული. რასმუსენის შემოთავაზება გახლავთ ექსპერტულ დონეზე, ძალიან ზოგადად გაკეთებული განცხადება, რომელიც არ არის ახალი, ადრეც გაცხადებულა. გუშინ იყო შესაბამისი გარემო ამისთვის, რასმუსენი არის ავტორიტეტული ფიგურა და ეს ვერსია მსჯელობისთვის გააჟღერა და არა ის, რომ ჩვენ აპრიორი ჩავთვალოთ გადაწყვეტილებად ან სახელმძღვანელოდ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში  გაიმართა, გუშინ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებს, თუ არა  ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე იგივე კითხვას უნდა უპასუხონ NATO-შიც. ამასთან, მისი თქმით, პირველი ნაბიჯი ამ საკითხზე მსჯელობისთვის საქართველოში უნდა გადაიდგას და შემდეგ უნდა წავიდეს NATO-ში.

 

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ და თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს, ჩვენ შეგვიძლია ამის მიღება, რომ აღნიშნული მუხლი მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გავრცელდეს. ამის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია პროცესის დაწყება“, – განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

 

 

 

big_banner
არქივი