logo_geo
მამუკა მდინარაძე: საოცარ დღეში ვართ...
- +

12 სექტემბერი. 2019. 20:54

 

„საოცარ დღეში ვართ, მინდა გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ გვაბრალებს პატრიოტებთან კოჰაბიტაციას, „პატრიოტები“ გვაბრალებენ „ნაცებთან“ კოჰაბიტაციას“, - ასე პასუხობს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებებს. მდინარაძემ კომენტარი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

 

მისივე თქმით, რეალურად, „ქართული ოცნება“ ერთადერთი სერიოზული ძალაა, რომელიც არის დასავლური კურსის გამტარებელი.

 

„ორმხრივი პიარული შეტევების გავლენის ქვეშ ვართ. სინამდვილეში ჩვენი კურსი, ვინც რა უნდა ილაპარაკოს, არის ის, რაც ჩაიწერა კონსტიტუციაში, ეს არის ის კურსი, რომელზეც ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ. ეს არის ევროატლანტიკური სივრცე, რომლის ნაწილიც უნდა გავხდეთ და აუცილებლად გავხდებით, იმიტომ, რომ ამ გზაზე ვართ, არასდროს გადავუხვევთ, რაც არ უნდა დაგვაბრალონ ან ერთი მხრიდან მეორესთან გარიგების შესახებ, ან მეორე მხრიდან პირველთან გარიგების შესახებ - ეს არის ყველაფერი მათი მესიჯბოქსი. ერთი სააკაშვილის მესიჯბოქსის ნაწილია, მეორე რუსული ძალების მხარდამჭერი ძალების მესიჯბოქსია, სიმართლე კი არის ის, რაც კონსტიტუციაში წერია და რაც ასეთ შეხვედრებზე აღინიშნება ხოლმე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დეპუტატმა ე.წ. კრამერის სიასთან დაკავშირებით ირმა ინაშვილის ინიციატივის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ გარკვეული პარტიები საგარეო პოლიტიკური შეხედულებებით სპეკულირებენ.

 

„ზოგი „გავრილოვის სიას“ ქმნის ხოლმე, ზოგი „კრამერის სიას“, ვის როგორი შეხედულებები აქვს საგარეო კურსთან დაკავშირებით, თითქოს ამას დღის წესრიგს არგებენ და ამით სპეკულირებენ. სინამდვილეში, სამწუხაროდ, მთავარი ოპოზიციური ძალა ვითომ დეკლარირებს დასავლურ ღირებულებებს და აკეთებს ჩრდილოელი მეზობლის საქმეს, მეორე ოპოზიციური ძალა დეკლარირებს კიდეც და საქმითაც ამას აკეთებს, ერთადერთი არანაირი მიკერძოება ამაში არ არის, თუ რეალურად შევხედავთ მოვლენებს, „ქართული ოცნებაა“ სერიოზული პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში, რომელიც საქმითაც და დეკლარირებითაც არის დასავლური კურსის გამტარებელი - ეს არის სიმართლე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი