logo_geo
პარლამენტმა „ფარულ მოსმენებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო
- +

23 თებერვალი. 2017. 22:55



საქართველოს პარლამენტმა ხაგრძლივი განხილვისა და დისკუსიის შემდეგ, პირველი მოსმენით - 89 ხმით, 20-ის წინააღმდეგ, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მიიღო.


პროექტის მთავარი სიახლე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნაა.


კანონპროექტით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, ფოტო გადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.


პროექტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის წინაშე და პრემიერს ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს, თუმცა პროექტის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშის პრემიერ-მინისტრთან წარდგენამდე, სააგენტოს უფროსი დოკუმენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს.


პროექტით, სააგენტოს უფროსს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. სააგენტოს უფროსის კანდიდატი სპეციალური კომისიის მიერ შეირჩევა. სააგენტოს უფროსობის კანდიდატებს (არანაკლებ სამს) სუს-ის უფროსი შეარჩევს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს.


საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ხატიძე, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.


 

big_banner
არქივი