logo_geo
გიორგი ვოლსკი: აფხაზებს მივმართავ, ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის სამიზნიდან არ უნდა უყურონ
- +

27 სექტემბერი. 2019. 12:42

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

ვოლსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებს მიმართა და აღნიშნა, რომ ერთმანეთს თოფის სამიზნიდან არ უნდა უყურონ.

 

„ჯვართამაღლებას გილოცავთ ყველას. ძალიან მძიმე დღე არის. 26 წელია უკვე ამ ჭრილობით მოვდივართ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზებს მინდა მივმართო ისევე, როგორც აქეთ მხარეს, არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს. ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს თოფის სამიზნიდან არ უნდა უყურონ. პასუხისმგებლობა ჩვენზეა. ჩვენი თაობა თუ არა, მომავალი თაობა მაინც უნდა ცხოვრობდეს მშვიდობაში. ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ თემას არ განეკუთვნება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სტაბილურობაზე, ჩვენი შვილების და მომავალი თაობის უსაფრთხოებაზე. ეს არის ჩვენი ვალდებულება და პასუხისმგებლობა. თუ დღეს ეს ზოგადი სიტყვებია ხვალ, ეს რეალობა გახდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმაც ისაუბრა.

 

სესიაშვილის თქმით, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.

 

„ჩვენ დღეს გმირებს პატივს მივაგებთ და ამასთანავე, დღეგრძელობას ვუსურვებთ ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა - ჩვენს ვეტერანებს. ეს არის კიდევ ერთხელ, იმის აღიარება და ხაზგასმა, რომ ჩვენი აფხაზეთი, ჩვენი ცხინვალი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქეებთან ერთად. იმ ადამიანების სისხლი, რომელთა სახელებსაც გმირების კედელზე ვხედავთ, უკვალოდ არ ჩაივლის. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი აფხაზეთი და ჩვენი ცხინვალი, თავისი მოსახლეობით, ღირსეულად დავუბრუნოთ ჩვენს ქვეყანას და შევძლოთ ამ ძალიან მძიმე, მტკივნეული დღის და ტკივილის დავიწყება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი