logo_geo
დავით ზალკალიანი: 2020 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის იქნება მიმართული
- +

30 სექტემბერი. 2019. 14:04

 

„ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ვემზადებით, რომელიც 2020 წელს უნდა გაიმართოს. სწორედ ამ მოსამზადებელ სამუშაოებზე იქნება მიმართული ჩვენი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომაზე, 2020 წლის ბიუჯეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი მიმართული იქნება მნიშვნელოვანი ვიზიტების განსახორციელებლად და ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის წარმოსაჩენად.

 

„ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ვემზადებით, რომელიც 2020 წელს უნდა გაიმართოს. სწორედ ამ მოსამზადებელ სამუშაოებზე იქნება მიმართული ჩვენი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე, ევროკავშირში საქართველოსთვის შემუშავებულია განსაკუთრებული ფორმატები, რომელიც შარშან ჩატარდა, ეს გახლავთ უმაღლესი დონის დიალოგი, ასევე უსაფრთხოების დიალოგი, მნიშვნელოვანი ვიზიტებია განსახორციელებელი. ევროკავშირს ჰყავს ახალი შემადგენლობა ევროკომისიის და ასევე მათთან ეფექტური მუშაობა წლის განმავლობაში ასევე პრიორიტეტულია. ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით წლევანდელი წელი უპრეცედენტო იყო აქტივობის თვალსაზრისით და მომავალ წელსაც დაგეგმილია სხვადასხვა საქმიანობა, მათ შორის NATO-საქართველო კომისიის ფარგლებში, ასევე ვიზიტების კუთხით და საქართველოს მონაწილეობა NATO-ს შესაბამის მინისტერიალებში. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განმტკიცება-გაღრმავება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მომავალ წელსაც იგეგმება საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის კუთხით წარმომადგენლობების არეალის გაზრდა.

 

„2020 წელს პირველად, საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. საქართველომ უნდა უმასპინძლოს ევროპის საბჭოს მინისტერიალს, უამრავი ღონისძიებაა გათვალისწინებული და ჩვენ მნიშვნელოვან საქმიანობას სწორედ ამ მიმართულებით მივმართავთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის წარმოჩენა მოხდეს.

 

როგორც წელს, ასევე მომავალ წელსაც ვგეგმავთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის კუთხით წარმომადგენლობების არეალის გაზრდას. რამდენიმე ახალი მისიის გახსნა იგეგმება, რაც პირველ რიგში მიმართული იქნება როგორც არაღიარების პოლიტიკის, ასევე ჩვენი თანამემამულეების უფლებების დაცვის კუთხით. გენერალური საკონსულოების გახსნა გვსურს იტალიაში, პარიზში, მიუნხენში, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაკადი არის ამ მიმართულებით. მზარდი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების იწვევს იმას, რომ მათთვის საჭიროა მომსახურების გაწევა. ასევე აფრიკის კონტინენტზე მხოლოდ ერთი საელჩოა და არის განზრახვა, რომ ამ მიმართულებით, არაღიარების კუთხითაც იყოს გადაფარვის ხაზი“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

დავით ზალკალიანის ინფორმაციით, იგეგმება ასევე ლევილის მამულის რეაბილიტაცია.

 

„გაგრძელდება ყველა დიასპორული პროექტის დაფინანსება. ასევე ლევილის მამულის რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული ამოცანაა. ჩვენი ამბიციაა, უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდეს, რათა ეს იქცეს ჩვენი თანამემამულეების, ასევე საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის ჩვენი ქვეყნის წარმოჩენის საუკეთესო ადგილად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

big_banner
არქივი