logo_geo
არჩილ თალაკვაძე: მსოფლიოში არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება არ მოითმენს, რომ...
- +

30 სექტემბერი. 2019. 18:41

 

„მსოფლიოში არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება არ მოითმენს, რომ მის საკონსტიტუციო ორგანოზე, პარლამენტზე იყოს ძალადობრივი შეტევა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ მოხდეს.

 

„არა მხოლოდ ამ საკითხზე, ყველა სხვა საკითხზე, პირველ რიგში, მე ვფიქრობ, როგორც ადამიანი. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა და გულდასაწყვეტია ის, რომ ამ აქციის დროს, რომელიც თავიდან ნამდვილად მშვიდობიანი პროტესტი იყო, შემდგომში უკვე გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა შეძლო ახალგაზრდების ეს მშვიდობიანი და გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინა ძალადობრივი შეტევის დროს პარლამენტზე. არც ერთი დემოკრატია მსოფლიოში, არც ერთი დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოება არ მოითმენს, რომ მის საკონსტიტუციო ორგანოზე, პარლამენტზე იყოს ძალადობრივი შეტევა. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები დაშავდნენ, დაშავდნენ პოლიციელები, ჟურნალისტები. ჩვენი ფიქრი და ძალისხმევა, პირველ რიგში, იყო იმისკენ მიმართული, რომ ამ ადამიანებს მიეღოთ ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რეაბილიტაცია და ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან.

 

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდეს“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

ამასთან, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 20 ივნისს დაშავებულ მაკო გომურს მიენიჭება თუ არა დაზარალებულის სტატუსი, ეს შესაბამისი ინსტიტუტების მისაღები გადაწყვეტილებაა და არა - პოლიტიკოსების. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ საკითხთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

 

 

 

 

big_banner
არქივი