logo_geo
პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო
- +

1 ოქტომბერი. 2019. 18:46

 

 

საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო. დავით ნარმანიას კანდიდატურისთვის დღეს უნდა ეყარათ კენჭი და საკითხი შეტანილი იყო დღის წესრიგში.

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განცხადება გააკეთა, რომ ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის წარდგენილი, კონსტიტუციის მიხედვით კი, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, წარადგინოს სემეკ-ის თავმჯდომარის კანდიდატურა.

 

„განცხადება, რომელსაც გავაკეთებ, არ ეხება დავით ნარმანიას და მის პიროვნებას. საქმე ეხება ქალბატონ პრეზიდენტს, რომელსაც სხვა პრობლემებთან ერთად, იურიდიული კონსულტაციის პრობლემაც გააჩნია. მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციით განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები. კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი გვეუბნება, რომ პრეზიდენტს შეუძლია, განახორციელოს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილება. „დ“ ქვეპუნქტი ადგეს ჩამონათვალს, ვისი წარდგენის უფლება აქვს. ამ ჩამონათვალში არიან მხოლოდ სემეკ-ის წევრები, თავმჯდომარის წარდგენის უფლება საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია. თუ პარლამენტი ამ დადგენილებას უყრის კენჭის, იქნება კონსტიტუციის დარღვევა. პრეზიდენტს არ ჰქონდა უფლება ნარმანიას წარდგენის და პარლამენტს არ აქვს უფლება, კენჭი უყაროს ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

 

ამ განცხადების შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და კენჭისყრა გადაიდო.

 

 

big_banner
არქივი