logo_geo
თაკო ჩარკვიანი: „ევროპულმა საქართველომ“ სააკაშვილს ხმები მოჰპარა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 23:39

 

პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი დადებითად აფასებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, გაემიჯნოს „ევროპულ საქართველოს“ და აცხადებს, რომ ბოკერიამ ნაციონალებს ხმები წაართვა. 

 

თაკო ჩარკვიანის შეფასებით, სააკაშვილის მხრიდან ეს ჭკვიანი პოლიტიკური სვლა იყო და არა „გიჟის საქციელი“. 

 

„მე დავინახე მისი პოლიტიკური და არც თუ უჭკუო სვლა. თავის ამომრჩეველს უთხრა, გამოკვეთილად, - გაემიჯნეთ ბოკერიას! მან გაიყვანა თავისი 400 ათასი ამომრჩეველი. 2016 წლის მონაცემებით ვსაუბრობ. მორალური თვალსაზრისით რამდენად მომწონს მისი ეს საქციელი, ეს კიდევ სხვა თემაა, თუმცა მივხვდი და ვამართლებ მის ძლიერი პოლიტიკურ ნაბიჯს. ეს გიჟის საქციელს სულაც არ ჰგავდა. ეს იყო მიმართვა თავისი ამომრჩევლისათვის. მიაჩნია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ნაციონალებს ხმები მოჰპარა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „აქტუალურ თემაში“ სტუმრობისას.

 

მისივე თქმით, "ნაციონალური" მოძრაობა ელექტორატს არ ჰკარგავს იმის მიხედვით, თუ სააკაშვილი, რომელი დასავლეთელი ლიდერის მისამართით რა განცხადებას გააკეთებს. ამას მოწმობს 2016 და 2019 წლის არჩევნების შედეგებიც. 

 

„2012 წლის შემდეგ იყო 2 არჩევნები - 2016 წლის და 2018 წლის. „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ 900 ათასამდე ამომრჩეველი დადო, მაშასადამე გაიზარდა, კი არ მოაკლდა ელექტორატი ნაცმოძრაობას. ამომრჩეველი იზრდება ხელისუფლების მხრიდან დანაპირებების არშესრულების მიხედვით. ჩვენი ელექტორატი იზრდება. რა დროს სააკაშვილზე საუბარია? მერვე წელია წასულია ის კაცი, სირცხვილია“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა სატელევიზიო ეთერში.

 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ, ქვეყნიდან გაქცეულმა ექს-პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაში და დისტანცირებაში დაადანაშაულა.    

 

„ჩვენი ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის არის უძვირფასესი... ბოკერია არის ყველაფერი, პრინციპში, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ“, — განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი