logo_geo
თეა წულუკიანი: სავარაუდო ძალადობის მსხვერპლს და საკრებულოს მაჟორიტარს ექნებათ საშუალება, არგუმენტები წარადგინონ გამოძიების წინაშე
- +

5 ოქტომბერი. 2019. 13:22

 

 

„სავარაუდო ძალადობის მსხვერპლს და საკრებულოს მაჟორიტარს ექნებათ საშუალება, არგუმენტები წარადგინონ გამოძიების წინაშე“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სავარაუდო სექსუალურ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

 

„თუ ინფორმაციის გამავრცელებელ ქალს აქამდე არ მიუმართვს პროკურატურისთვის, ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ გუშინ, როდესაც მან საჯაროდ გამოაქვეყნა ცნობები სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, გაუჩნდა საგამოძიებო ორგანოს ვალდებულება, რომ დაიწყოს გამოძიება და მჯერა, რომ ეს ასეც იქნება.

 

სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლს და მაჟორიტარს ექნებათ საშუალება, თავიანთი არგუმენტები წარადგინონ გამოძიების წინაშე. ვისურვებდი, რომ ეს ინფორმაციები არ დადასტურდეს, თუმცა იმდენად კონკრეტული და ფაქტებით და თარიღებით დასაბუთებული ინფორმაცია იყო, რომ გამომძიებელს მოუწევს ძალიან სერიოზული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს, მისი თანაშემწე ქალი ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება. უწყებაში აცხადებენ, რომ ორივე მხარე, საკრებულოს დეპუტატიც და თანამშრომელი ქალიც გამოიკითხნენ ორი დღის წინ, ასევე საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხა ყველა ის პირი, ვისაც შესაძლოა, რაიმე კავშირი ან ინფორმაცია ჰქონდეს მომხდართან დაკავშირებით. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი