logo_geo
ჯანდაცვის სამინისტრო უწყებაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
- +

8 ოქტომბერი. 2019. 10:37

 

 

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ უწყებაში შექმნილმა რეორგანიზაციის კომისიამ გამოავლინა თანამშრომლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ზოგად კომპეტენციებში გარკვეულ სტანდარტებს.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ასეთი 51 თანამშრომელია, რომელთაც ალტერნატიული პოზიცია შესთავაზეს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს მეტად საპასუხისმგებლო მიმართულებებზე, როგორიც არის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, შრომის, დასაქმების და დევნილთა საკითხები. იმ გამოწვევების დაძლევა, რაც დღეს სამინისტროს წინაშე დგას, მხოლოდ მაღალი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსით არის შესაძლებელი.

 

რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა კომისია, რომელიც ორიენტირებული იყო კანდიდატების ობიექტურ შეფასებაზე. შეფასების კრიტერიუმები შერჩეული იყო ზოგადი და პროფესიული კომპეტენციების გამოსავლენად, რომელიც განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, როგორც მენეჯერული, ასევე საშუალო და დაბალი რგოლის პოზიციებისთვის.

 

კომისიის მუშაობამ გამოავლინა თანამშრომლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ზოგად კომპეტენციებში გარკვეულ სტანდარტებს. ჯამში ასეთი თანამშრომლების რაოდენობა არის 51. მათთვის შესაბამისი სამსახურის მხრიდან განხორციელდა ალტერნატიული პოზიციების შეთავაზება. ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, ვისთვისაც ალტერნატიული პოზიცია მისაღები არ აღმოჩნდა, გათვალისწინებული იქნება მობილობის საკითხი.

 

სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა ზოგიერთი ქვედანაყოფის შერწყმა. ასეთი სტრუქტურა გააუმჯობესებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციას, მეტად ეფექტურს გახდის მუშაობას და თავიდან აგვაცილებს ფრაგმენტაციას და რესურსების გაორებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

big_banner
არქივი