logo_geo
ანრი ოხანაშვილი: ჩემი ამოცანაა, ვინც 20 ივნისს დაზარალდა, საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება მიეცეთ
- +

8 ოქტომბერი. 2019. 15:58

 

„ჩემი ამოცანაა, ვინც 20 ივნისს დაზარალდა, საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება მიეცეთ“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებზე „საია“-ს ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

ანრი ოხანაშვილის თქმით, ამ ეტაპზე საჭიროა, საგამოძიებო ორგანოებს მიეცეთ საშუალება, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ.

 

„ჩემთვის მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, ვინც იქ დაზარალდნენ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ჩემთვის არიან დაზარალებულნი. დღეს მიენიჭებათ მათ ეს სტატუსი თუ ხვალ, მთავარია, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. ეს არის ჩემთვის ამოსავალი პრინციპი. თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ მათ საკუთარი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა არ აქვთ, ამასთან დაკავშირებით ჩვენც დავსვამთ შეკითხვებს, თუმცა ამ ეტაპზე მივცეთ საშუალება საგამოძიებო ორგანოებს, თავისი საქმიანობა განახორციელონ. ჩემი ამოცანაა, ვინც 20 ივნისს დაზარალდა, საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება უნდა მიეცეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 7 ოქტომბერს გენერალური პროკურატურიდან მიღებული ინფორმაცია გაავრცელა. „საია“-ს ინფორმაციით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს ორ საქმეზე, რომლის ფარგლებში აქციის 17 მონაწილეს წარედგინა ბრალი, ხოლო დაზარალებულად 67 სამართალდამცველია ცნობილი.

 

 

 

big_banner
არქივი