logo_geo
კობა კობალაძე: ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის რეკომენდებულია შესაბამი უწყებებისთვის ბიუჯეტის გაზრდა
- +

9 ოქტომბერი. 2019. 20:05

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა 2020 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კობა კობალაძემ აღნიშნა, რომ იმ უწყებებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების დაცვაზე, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ასევე აღნიშნულ სტრუქტურებში დაგეგმილი რეფორმების ეფექტურად განსახორციელებლად, რეკომენდებულია ბიუჯეტის გაზრდა.

 

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ სოციალური დაცვის მიმართულებით დაიხარჯება ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი - 3 512 800 000 ლარი ანუ მშპ-ის 7.2%, რაც უპრეცედენტოა. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად გამოცხადებულია ვეტერანებისა და მათი ოჯახების სათანადო ცხოვრების პირობებისა და კეთილდღეობისთვის მყარი სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფა. ამის პარალელურად, არ არის გათვალისწინებული ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სწორედ ჩვენი ვალია ამ ადამიანებს შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

 

საკომიტეტო მოსმენისას გენერალმა კობალაძემ ისაუბრა იმ რეფორმების შესახებაც, რაც 2020 წლიდან აქტიურად დაიწყება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების მიმართულებით და ძირითადი აქცენტი გაკეთდება სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე. მისი თქმით, იგეგმება საწარმოო ბაზის განახლება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, თავდაცვის ძალებში არსებული შეიარაღებისა და ტექნიკური საშუალებების მოდერნიზება და აღდგენა.

 

როგორც გენერალმა კობალაძემ აღნიშნა, „ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების მიზნით, აქტიურად იგეგმება თავდაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევების განხორციელება, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა და ექსპერიმენტული მოდელების შექმნა შემდგომში ექსპორტის გაზრდის მიზნით, რაც თავდაცვის მინისტრის მიერ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა. ამ მიმართულებით, საოპერაციო ხარჯებისთვის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 27 644 400 ლარი. თუმცა, საინტერესოა რეალურად პასუხობს თუ არა აღნიშნული თანხა არსებულ გამოწვევებს, რამდენადაც, სამეცნიერო კვლევები, ტექნოლოგიების დანერგვა, არ არის მხოლოდ სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის თემა, ეს შეიძლება დამატებითი რესურსების მოძიებას საჭიროებდეს, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სამხედრო ტექნიკა საკმაოდ მოთხოვნადია.

 

გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტი მიხედვით, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადებულია თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება. ამ მხრივ, ბიუჯეტში საკმაოდ დიდი მატებაა, 2020 წლისთვის ის შეადგენს თითქმის გაოთხმაგებულ თანხას 2019 წელთან შედარებით“.

 

საკომიტეტო განხილვისას გენერალი კობალაძე შეეხო შსს-სთვის გამოყოფილი ბიუჯეტის თემასაც.

 

„2020 წლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში იგეგმება მნიშვნელოვანი რეფორმები: შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების საპოლიციო სერვისების შესაბამისი მართლწესრიგის ოფიცერთა დანაყოფები, რომელთა უმთავრესი ამოცანა დანაშაულის პრევენცია იქნება. გაძლიერდება ქვეით პატრულ ინსპექტორთა კორპუსიც. ასევე გაგრძელდება უკონტაქტო პატრულირების ინსტრუმენტის განვითარებაც, რაც აუცილებელია საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილია 770 მლნ ლარი, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელს 28.4 მლნ ლარით აჭარბებს. აღნიშნული გაზრდილი ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი 2020 წლის 1 ივლისიდან პოლიციელთა ხელფასების საშუალოდ 125 ლარით გაზრდას მოხმარდება“, - განაცხადა კობალაძემ.

 

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძე განაცხადა, თუ წლის ბოლომდე გამოჩნდება დამატებითი რესურსი, ის გადანაწილდება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მიმართულებით.

 

 

big_banner
არქივი