logo_geo
რუსეთის საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს NATO-ში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე
- +

10 ოქტომბერი. 2019. 11:07

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

„ყურადღების ფოკუსში აღმოჩნდა ქართულ-სამხრეთ ოსურ სასაზღვრო რაიონის სოფელ წნელისთან დაძაბულობა, რომლის პროვოცირებაც გამოიწვია თბილისის გადაწყვეტილებამ, განეთავსებინა პოლიციის პოსტი უშუალოდ ამ სოფელთან. ამან აიძულა ცხინვალი, მიეღო საპასუხო ზომები, თავისი ბლოკპოსტის განთავსებისა და საქართველოსთან საზღვრის დროებით ჩაკეტვის ჩათვლით. ჩვენ გავაცანით მხარეებს ჩვენი მიდგომა მდგომარეობის დარეგულირებასთან დაკავშირებით. მოვუწოდეთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, ასევე გადადგან ნაბიჯები მდგომარეობის დეესკალაციისთვის, რისთვისაც გამოიყენონ პირდაპირი დიალოგის ფორმატი არსებული მოლაპარაკებების მექანიზმების ფარგლებში. ასეთმა პოზიციამ ჟენევის დისკუსიების მონაწილეთა შორის მხარდაჭერა ჰპოვა“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

 

განცხადების მიხედვით, რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა აქცენტი გააკეთე ჟენევის დისკუსიების მონაწილეების მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადების შესათანხმებლად ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობაზე.

 

„ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს NATO-ში ჩათრევის განუწყვეტელ მცდელობებზე, ამ ქვეყნის სამომავლო მილიტარიზაციაზე, მის ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო წვრთნების რეგულარულად ჩატარებაზე. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად, ამ პროცესებს ვაფასებთ, როგორც რეგიონული უსაფრთხოების ძირის გამოთხრას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

განცხადების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის გარდა, ჟენევის დისკუსიების სხვა მონაწილეების მიერ წნელისისა და სხვა პრობლემური მონაკვეთების გამოკლებით, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „საზღვრებზე“ ვითარება სტაბილურად შეფასდა.

 

განცხადების მიხედვით, ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა თანამშრომლობას ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების საკითხში, ე.წ. საზღვრის გადალახვის გამარტივების, მოსახლეობას შორის კონტაქტების გაილებით და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნის ჩათვლით.

 

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დეკემბერში გაიმართება.

 

 

 

 

big_banner
არქივი