logo_geo
იენს სტოლტენბერგის ირაკლი ბერაიას: ყველაფერი, რასაც აკეთებთ თქვენი თავდაცვის გაუმჯობესებისთვის, გეხმარებათ NATO-სთან დაახლოებაში
- +

15 ოქტომბერი. 2019. 10:27

 

„ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებისა და გაუმჯობესებისთვის, გეხმარებათ თქვენ NATO-სთან დაახლოებაში“, – ასე უპასუხა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლონდონში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას კითხვას.

 

კერძოდ, პარლამენტის დეპუტატი დაინტერესდა, შავი ზღვის რეგიონში საქართველოს ჩართულობის გაფართოება უწყობს თუ არა ხელს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას.

 

„მადლობა ბატონო გენერალურო მდივანო თქვენი გამოსვლისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე წევრობისკენ ჩვენი მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. NATO-ს წევრობა არის საქართველოს მოქალაქეების მთავარი არჩევანი. 2019 წელი განსაკუთრებული და უნიკალური იყო ჩვენი თანამშრომლობის პრაქტიკული და პოლიტიკური მიმართულებების გაძლიერების მხრივ. ჩვენ ვიხილეთ უფრო მეტი NATO საქართველოში და უფრო მეტი საქართველო NATO-ში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ წინა დღეებში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს ბათუმში, რაც იყო ჩვენი ქვეყნისადმი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი და ასევე იმის დადასტურება, რომ საქართველოს როლი მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში.

 

შავი ზღვის რეგიონში საქართველოს ჩართულობის გაფართოება უწყობს თუ არა ხელს და აახლოვებს თუ არა მას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საბოლოოდ მიზანთან, NATO-ს წევრობასთან?“ – მიმართა ირაკლი ბერაიამ NATO-ს გენერალურ მდივანს.

 

იენს სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვა ასევე არის საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის ნაწილი.

 

„ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან შავი ზღვის სფეროში და ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, თქვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებისა და გაუმჯობესებისთვის, მათ შორის საზღვაო შესაძლებლობის კუთხით, რა თქმა უნდა, გეხმარებათ თქვენ NATO-სთან დაახლოებაში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ თქვენს სანაპირო დაცვასთან. ასე რომ, შავი ზღვა ასევე არის საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის ნაწილი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 

 

 

big_banner
არქივი