logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: საქართველოსთვის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს
- +

16 ოქტომბერი. 2019. 10:31

„ქვეყნის მთავარ საფრთხეს რუსული ოკუპაცია წარმოადგენს. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განთავსებული რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები და მათი სპეცსამსახურები წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მისი კანდიდატურის მოსმენისას განაცხადა.

 

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია და ადგილზე არსებული მყიფე, თუმცა მართვადი სტაბილურობის შენარჩუნება სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ნაწილს წარმოადგენს.

 

სამწუხაროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება უკანონო ქმედებები, მათ შორის უკანონო ბორდერიზაცია, გადაადგილების უფლების შეზღუდვა,  უკანონო დაკავებები და ა.შ.   უფრო მეტიც, ეს ინსტრუმენტები ხშირ შემთხვევაში გამოიყენება არა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოზე, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაზე ზემოქმედების ერთ-ერთ ბერკეტად.

 

აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა მიმდინარე წელს  სოფელ გუგუტიანთკარში და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები; ასევე, საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული საქმეები.

 

ზემოაღნიშნული საკითხების განხილვისას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ჩვენს პარტნიორებთან რუსეთის ფედერაციამ და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმისა და მუქარის ენა და მიზანმიმართულად დააზიანეს მოლაპარაკებების არსებული ფორმატები, ვგულისხმობ IPRM-ის ცნობილ ფორმატს და ჟენევის ფორმატს.

 

აღნიშნულის მიუხედავად უსაფრთხოების სამსახური, საერთაშორისო პარტნიორების- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის , ეუთოს და გაეროს  დახმარებით აგრძელებს აქტიურ მუშაობას ადგილზე არსებული მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნების მიმართულებით. თუმცა აქვე მოგახსენებთ, რომ ეს არ არის ძალიან ეფექტური, ვინაიდან კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაცია და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აირჩიეს ულტიმატუმების და მუქარის ტონით საუბარი,  შედეგად აღნიშნული ფორმატების ფარგლებში გამართული  შეხვედრები მეტწილად არის ნაკლებად შედეგიანი.

 

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, ბოლო წლების სამწუხარო საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართული კონფლიქტები წარმოადგენს ოფიციალური მოსკოვის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს, რომელთან გამკლავებაც საერთაშორისო პარტნიორების სათანადო  ჩარევის, მხარდაჭერისა და ადეკვატური რეაგირების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

 

big_banner
არქივი