logo_geo
„ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს“
- +

16 ოქტომბერი. 2019. 11:11

 

„ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მთლიანობაში, რუსეთი საქართველოში ჰიბრიდული ომის ხუთი ძირითადი ინსტრუმენტით მოქმედებს: საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო რეჟიმები;  საინფორმაციო ომი; ე.წ. რბილი ძალა; ეკონომიკური ექსპანსია; ფარული ოპერაციები“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მისი კანდიდატურის მოსმენისას განაცხადა.

 

„შევჩერდები ეკონომიკური ბერკეტების საკითხებზე, რომელსაც რუსეთი იყენებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესაფერხებლად, ეკონომიკურ  ექსპანსიას ვგულისხმობ. მიმდინარე კონფლიქტები, ბორდერიზაციის მცოცავი პროცესი არ არის მხოლოდ ქართული მიწების მიტაცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ეს გახლავთ პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის დასუსტებისკენ, ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების შანსის შემცირებისკენ და ამას ძალიან ეფექტურად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, ვინაიდან მიმდინარე არეულობებით და ექსცესებით ცდილობს საქართველოს შეუქმნას არასტაბილური ქვეყნის სტატუსი, სადაც არა მარტო ეკონომიკური ინტერესები და ინვესტიციები, არამედ ადამიანის უფლებებიც კი შესაძლოა იყოს დაუცველი. სწორედ ეს არის ამ ექსპანსიის მთავარი ამოცანა.

 

ასევე თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილზე, ეს არის ფარული ღონისძიებები.  აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოქმედების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს.  ძირითადად მიმართულია ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევისა და ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ნიადაგზე სამოქალაქო შუღლის გაღვივებაზე.

 

ფარული ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილია კიბერსივრცე და ამ კონტექსტში სახეზეა არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. სულ უფრო დახვეწილი გახდა კიბერსაშუალებების გამოყენებით უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ ფსიქოლოგიური გავლენის ოპერაციების წარმოება. აღნიშნული მიზნად ისახავს  საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების ფორმირებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

 

big_banner
არქივი