logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სუს-ის უფლებამოსილებების რეგლამენტირება
- +

16 ოქტომბერი. 2019. 11:12

 

„მნიშვნელოვან რისკს, ასევე, წარმოადგენს სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მისი კანდიდატურის მოსმენისას განაცხადა.

 

„სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში არსებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის და იმ ინფორმაციული სისტემების დაცვა კომპიუტერული ინციდენტებისგან, რომელთა უსაფრთხო ფუნქციონირებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებების რეგლამენტირება. კიბერსივრცისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია სსიპ- ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიების შენარჩუნება და გაზრდა. ამ მიმართულებით უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომპონენტს, სამართლებრივი ბაზის სრულყოფასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

 

კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან  არსებული სისტემის რეფორმირებისა და შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შექმნის მიმართულებით“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას განიხილავენ.

 

 

 

big_banner
არქივი