logo_geo
დიმიტრი ცქიტიშვილი: თავისი ნებით მუშაობის შემთხვევაში, ადამიანს ექნება საშუალება, იმუშაოს, რამდენიც უნდა
- +

22 ოქტომბერი. 2019. 12:49

 

„დასაქმებულს არავინ არაფერს უზღუდავს, თავისი ნებით მუშაობის შემთხვევაში, ადამიანს ექნება საშუალება, იმუშაოს, რამდენიც უნდა, მაგრამ თუ არ აქვს ნება და დამსაქმებელმა შეიძლება დააძალოს, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს გარკვეული შეზღუდვები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

„ადამიანს უნდა ჰქონდეს დაცვის საშუალება და „შრომის კოდექსი“ უფრო დაცვის საშუალებას აძლევს მათ, ვიდრე უკრძალავდეს რამეს. არასწორი იყო ამ ყველაფრის ფორმულირება, თითქოს ვინმეს რამეს ვუკრძალავთ. კანონპროექტი უკრძალავს შესაძლო ექსპლუატაციას დამსაქმებელს და არც ერთ შემთხვევაში დასაქმებულს მუშაობას თავისი ნებით. მით უმეტეს, ეს არ ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მაგალითად, ინტელექტუალური შრომა ან საოფისე საქმიანობა. აქ უფრო მეტად გარკვეული რეგულაციები და მეტი დაცვა სჭირდება იმას, ვინც მექანიკურ მძიმე სამუშაოს ასრულებს. გარკვეულ საწარმოებში, უბრალოდ, წარმოუდგენელია, იქ ადამიანმა 12-14 საათი იმუშაოს. ამ სტანდარტებზეა საუბარი აქ და არა სხვა რამეზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

„შრომის კოდექსის“ რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე განიხილავენ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

„ჩვენ გვჭირდება, ერთი მხრივ, დასაქმებულების ინტერესების დამცველის მოსმენა, მეორე მხრივ, დამსაქმებლების ინტერესების დამცველების მოსმენა, მათი პოზიციების დაახლოება იმიტომ, რომ შრომით ურთიერთობებში გადაწყვეტილებები მიიღება კონსულტაციებით. კონსულტაციებმა უნდა შეათანხმონ გარკვეული საერთო ხედვები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

big_banner
არქივი