logo_geo
გრიგოლ ლილუაშვილი: ივნისის მოვლენების დროს ქვეყნის ჩამოშლის რეალური საფრთხე არსებობდა
- +

23 ოქტომბერი. 2019. 01:32


​სუს-ის ახალი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, 20-21 ივნისის მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ მაშინ, ქვეყნის ჩამოშლის რეალური საფრთხე არსებობდა, ამიტომ სუს-ის თანამშრომლები ყოველთვის ჭარბი რაოდენობით იქნებიან იქ, სადაც მსგავსი საფრთხე იარსებებს.



"ნებისმიერი ძალის არსებობა, რომელიც დესტრუქციული ქმედებებით ცდილობს პოლიტიკური მიზნების მიღწევას ჩვენთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა. ხშირად გვსაყვედურობენ ოპონენტები იმას, რომ ჩვენი თანამშრომლების სიჭარბეა თავშეყრის ადგილებში, მიტინგებზე. ეს გამოწვეულია სწორედ იმ ცუდი პრაქტიკით, რასაც ჩვენ ვუყურებთ მათი მხრიდან, რა შესაძლო ქმედებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები იქნებიან ყოველთვის იქ, სადაც უნდა იყვნენ, სადაც მოიპოვებენ ინფორმაციას და ამ ინფორმაციის გადამუშავების შედეგად მორეაგირე უწყებებს მივცემთ სწორ დასკვნას და ანალიზს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ესკალაცია, გადატრიალება და ნებისმიერი უბედურება, რამაც შეიძლება ჩამოშალოს ჩვენი ქვეყანა. გეთანხმებით, რომ ივნისის მოვლენების დროს იყო ამის რეალური საფრთხე, ამის რისკის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ნანახი გვაქვს, რამდენიმეჯერ, ეს სიმწარე გავლილი გვაქვს და ვიცით, რომ ამას კარგი სიკეთე არაფერი არ მოაქვს, შესაბამისად ძალიან მკაცრნი ვიქნებით, შეუბრალებელნი ვიქნებით, თუ კი სამომავლოდ ვინმე სუბიექტი თუ ნებისმიერი ძალა, მათ შორის პოლიტიკური, ეცდება მსგავსი პროცესების განმეორებას. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელნი ამ პროცესის მიმართ", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

 

big_banner
არქივი