logo_geo
ნათია თურნავა: ჩვენი ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება გახსნილობას და უპირატესობის მინიჭებას უცხოური ინვესტიციებისთვის
- +

23 ოქტომბერი. 2019. 12:27

 

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თემატურ პანელზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში შექმნილ ბიზნესკლიმატზე, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა.

 

მინისტრმა აღნიშნული მიმართულებებით მთავრობის ხედვა წარმოადგინა.

 

„საქართველო არ გახლავთ მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყანა, ჩვენ მცირე ბაზარს წარმოვადგენთ და, რა თქმა უნდა, იმისათვის რომ უფრო მიმზიდველები გავხდეთ, ჩვენი ბიზნესმოდელის, ბიზნესკლიმატის ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება გახსნილობას და უპირატესობის მინიჭებას უცხოური ინვესტიციებისთვის. იმ თვალსაზრისით, რომ ასევე ვიყოთ ლიბერალურები და მიმზიდველები, მნიშვნელოვანია სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა. ჩვენ კარგი მაჩვენებლები გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ჩვენ გაგვაჩნია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთელ რეგიონში და საქართველოს ეკონომიკა ამტკიცებს თავის მდგრადობას სერიოზული ეკონომიკური და ფინანსური შოკების თვალსაზრისით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უკანასკნელი მაჩვენებლებით, ჩვენ შემდეგი ხუთი წლის პერსპექტივით, საშუალოდ 5%-ით ვიზრდებით, რაც ძალიან შთამბეჭდავია და კარგი ინდიკატორია, ასევე კარგი გზავნილი ინვესტორთა გლობალური თემისთვის, რომ საქართველო ღირებული ადგილია, სადაც ინვესტიციების გაკეთებაა შესაძლებელი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა არ წარმოადგენს მთავრობის ერთადერთ აქცენტს და მთავარი აღნიშნული ზრდის ტემპების ინკლუზიურობაა.

 

„კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეკონომიკური ზრდა არ გახლავთ მხოლოდ ფოკუსირებული და ერთადერთი აქცენტი ჩვენი პოლიტიკისა. როგორც პრემიერმა თავის შესავალ სიტყვაში ბრძანა, არა მხოლოდ ზრდის ტემპი, არამედ ხარისხიც უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა შექმნას დამატებითი დასაქმების საშუალებები, და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მხარდაჭერილი იყოს სტრუქტურული რეფორმებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

თემატურ პანელზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებაზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და შესაბამისი ბაზრის პოტენციალის ათვისებაზე გაამახვილა ყურადღება.

 

„მინდა გავაჟღერო თავისუფალი ვაჭრობის დღის წესრიგი, რადგან ეკონომიკური ზრდა ჩვენთან  ძირითადად ექსპორტითა და ინვესტიციებითააა წახალისებული და თავისუფალი ვაჭრობის რეფორმების ეტაპობრივი შესრულებით. ჩვენი კანონმდებლობის დაახლოება ევროპის სტანდარტებთან ეს გახლავთ ძირითადი საფუძველი ჩვენი მცირე და საშუალო საწარმოების სტიმულირებისთვის, ჩვენი ბაზრის დივერსიფიკაციისთვის და ყველა იმ შესაძლებლობის სრული გამოყენებისთვის, რასაც ყოვლისმომცველი და ღრმა თავისუფალი ვაჭრობის მიმართულება გვაძლევს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი