logo_geo
ამერიკელი კონგრესმენი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-სა და საქართველოს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორობას განამტკიცებს
- +

25 ოქტომბერი. 2019. 10:47

 

„ამ კანონპროექტის მიღება ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე მისი დემოკრატიული განვითარების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას“, -  ამ სიტყვებით გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ბრენდან ბოილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტის დამტკიცებას.

 

მისი თქმით, საქართველოს მხარდამჭერი აქტი განამტკიცებს აშშ-სა და საქართველოს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორობას, რომელიც მსოფლიოს მწვავე რეგიონში სტრატეგიულ დატვირთვას იძენს.

 

„საქართველოს მთავრობამ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია თავის პრიორიტეტად გამოაცხადა, და როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენელი, მე სიამოვნებით ვაცხადებ, რომ საქართველო NATO-ს ასპირანტი ქვეყანაა“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი და დასძენს, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას,  ხოლო 70 % - NATO-ში წევრობას.

 

ბრენდან ბოილი 2008 წელს საქართველოს ოკუპაციაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კრემლი  საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას  დეზინფორმაციული კამპანიებითა და კიბერთავდასხმებით განაგრძობს. საქართველოს მხარდამჭერი აქტი კი საქართველოს ამ საფრთხეების აღმოფხვრასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში დაეხმარება.

 

„ბევრი ქართველი ამერიკელი ფილადელფიას თავის სამშობლოდ თვლის და უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი ქალაქის განვითარებაში. მე ამაყი ვარ, რომ კონგრესში ამ ადამიანებს წარმოვადგენ და, სწორედ ამიტომ, მე მხარს ვუჭერს საქართველოს მხარდამჭერ აქტს“, - წერს ამერიკელი კონგრესმენი თავის Facebook-გვერდზე.

 

 

 

big_banner
არქივი