logo_geo
თეა წულუკიანი: იუსტიციის სამინისტროს კომპეტენცია არ არის, შეაფასოს, ვინ უნდა იყოს პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის საბჭოში
- +

26 ოქტომბერი. 2019. 15:52

 

„იუსტიციის სამინისტროს ან მთავრობის კომპეტენცია არ არის, შეაფასოს, პრეზიდენტის წარმომადგენელი ვინ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში, ან საბჭოს წევრები ერთმანეთთან რა ტიპის ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდნენ“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანა დოლიძისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის კომენტირებისას განაცხადა.

 

წულუკიანის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებზე პოზიციას არ დააფიქსირებს, რადგან თვლის, რომ ეს სამინისტროს კომპეტენცია არ არის, ამასთან იმედოვნებს, რომ მხარეები ერთმანეთში გაერკვევიან.

 

„დღეს მედიიდან შევიტყვე, არა იმიტომ, რომ აზრი არ გამაჩნია ამ საკითხზე, უბრალოდ თავს შევიკავებ პოზიციის გამოხატვისგან, რადგან არ არის იუსტიციის სამინისტროს ან მთავრობის კომპეტენცია, შეაფასოს, პრეზიდენტის წარმომადგენელი ვინ უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში, ან საბჭოს წევრები ერთმანეთთან რა ტიპის ურთიერთობაში უნდა იმყოფებოდნენ, ეს არის მათი საქმე.

 

ვფიქრობ, რომ ისინი ერთმანეთში გაერკვევიან და თითოეული მათგანი შეძლებს იმას, რომ სტიგმატიზაციის ხელშემწყობი კი არ იყოს სასამართლო ხელისუფლებაში, არამედ იყოს კოლეგიალურ ურთიერთობაში, რათა ერთად იმუშაონ იმ გამოწვევებზე, რაც სასამართლო სისტემაში ჯერ კიდევ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ სამი ტალღა რეფორმის ცალსახად აჩვენებს სასამართლო ხელისუფლებაში გაჯანსაღების ნიშნებს. ამ ნიშნებს სჭირდება მაქსიმალური ხელშეწყობა. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩემი საქმე არ არის ეჭვებზე პასუხი“, -განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს. საბჭო შესაბამის მიმართვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უახლოეს დღეებში გაუგზავნის.

 

 

 

 

big_banner
არქივი