logo_geo
თამარ ჩუგოშვილი: ერთი უცნაურობაა, ოპოზიცია არასდროს იბარებს თეა წულუკიანს პარლამენტში
- +

27 ოქტომბერი. 2019. 22:02

 

 

„ძალიან პრობლემური და სადაოა და არ ვიცი, რა არგუმენტები გამოიყენა ქალბატონმა თეა წულუკიანმა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირების თაობაზე განაცხადა. ამით თამარ ჩუგოშვილმა უპასუხა გადაცემის ავტორის კითხვას, იუსტიციის მინისტრი რომ ყოფილიყო გააკეთებდა თუ არა იმავეს. ჩუგოშვილის თქმით, საკითხი პრობლემატურია.

 

„ძალიან პრობლემური და სადაოა და არ ვიცი, რომ ვიყო იმ პოზიციაში... არ ვიცი, რა არგუმენტები გამოიყენა ქალბატონმა თეა წულუკიანმა ამისთვის, მაგრამ გეთანხმებით, რომ პრობლემური საკითხია“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნული არის კონკრეტული საქმე, რომელზეც საუბარი უჭირს, რადგან მსგავს საკითხებს კონკრეტული საქმეების ცოდნა სჭირდება. ამასთან, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტის ყველა მინისტრს, მათ შორის პრემიერ-მინისტრსაც იბარებს საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა მათ შორის იუსტიციის მინისტრი არასდროს არის. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის პარლამენტში მისვლის შემთხვევაში, „კარგი საპარლამენტო განხილვა იქნებოდა“.

 

„ეს კონკრეტული საქმეებია, რომელზეც ლაპარაკი მიჭირს ხოლმე, რადგან ამ საქმეებს ძალიან კონკრეტული, სპეციფიური საქმეების ცოდნა სჭირდება. ეს არის კითხვები, რომელზეც იუსტიციის სამინისტრო ბევრად უფრო რელევანტურია, ვიდრე მე. სხვათა შორის, ერთი უცნაურობაა, ოპოზიცია არასდროს იბარებს თეა წულუკიანს პარლამენტში, თუ მიგიქცევიათ ყურადღება. ოპოზიცია აბსოლუტურად ყველა მინისტრს იბარებს, პრემიერიდან დაწყებული ყველა მინისტრით გაგრძელებული, მაგრამ ერთადერთი, რომელსაც არასდროს არ იბარებენ იმისთვის, რომ ასეთ თემებზე, რასაც თვითონ სწევს ოპოზიცია, როგორც პრობლემურს ვისაუბროთ, არის თეა წულუკიანი. სხვათა შორის, კარგი საპარლამენტო განხილვა იქნებოდა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი