logo_geo
მამუკა მდინარაძე: მეუფე იაკობის გადადგომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია
- +

28 ოქტომბერი. 2019. 17:26

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია.

 

„სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც თავისი ადგილი და განსაკუთრებული როლი აქვთ ეკლესიასა და სახელმწიფოს. სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი ნიშნავს, რომ ერთმანეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ და ეკლესიის განსაკუთრებული როლი უნდა გვახსოვდეს როგორც წარსულში, ასევე აწმყოსა და მომავალში. ამ ყველაფერს პატივი უნდა ვცეთ. ამ ყველაფერს მავნებელი პოლიტიკური ძალა თავისი მიზნებისთვის იყენებს და ჩვენ ისეთი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ, რაც დააზიანებს ეკლესიას, სახელმწიფოებრიობას. განსაკუთრებით, ჩვენს პატრიარქს უნდა გავუფრთხილდეთ და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება მიუღებელია“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მეუფე იაკობი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან დღეს გადადგა. როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, დღეს სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში, რადგან პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. ამასთან, მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობის გარდა, საფინანსო-ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეობიდანაც გადადგა.

 

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“. ამ საკითხზე საუბრისას მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ. აღნიშნული განცხადება დღეს მან კიდევ ერთხელ დაადასტურა.

 

 

 

big_banner
არქივი