logo_geo
ელიზაბეთ რუდი: აშშ აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართველ საზოგადოებაში
- +

1 ნოემბერი. 2019. 11:55

 

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში. ამის შესახებ ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

 

როგორც რუდმა აღნიშნა, მას სამართლებრივ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

 

„ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცენტრალურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ქართველ საზოგადოებაში, რომელიც ისტორიულია და გრძელდება. მე არ მინდა, კონკრეტული კომენტარი გავაკეთო სამართლებრივ საკითხზე",- განაცხადა რუდმა.

 

რაც შეეხება დასმულ კითხვას, რუსული გავლენების შესაძლო გაძლიერების შესახებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, როგორც რუდი აცხადებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს ესმის, რომ საქართველო რუსული საზიანო გავლენის წინაშე დგას.

 

რუდმა თავი შეიკავა შეფასებისაგან ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად მეუფე იოანეს დანიშვნასთან დაკავშირებით.

 

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ საქართველო დგას არა მხოლოდ რუსული საზიანო გავლენის წინაშე, არამედ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, თუმცა, არ მსურს კომენტარის გაკეთება იმაზე, რაც მკითხეთ“,- განაცხადა რუდმა.

 

 

 

big_banner
არქივი