logo_geo
გიორგი ვოლსკი: შეწყალების საკითხზე პარლამენტში წარმოდგენილ რეკომენდაციებს მხარს ვუჭერ
- +

1 ნოემბერი. 2019. 13:45

 

„ლოგიკა, რომელიც შეწყალებას უნდა უსწრებდეს წინ, არის საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისადმი შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნის შეთავაზებას გამოეხმაურა.

 

ვოლსკის თქმით, ის მხარს უჭერს, რეკომენდაციებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს შეწყალების თაობაზე აქვს.

 

„საერთოდ შეწყალება-მოწყალება არის ისეთი რამ, რაც ჩვენს საზოგადოებას უნდა ახასიათებდეს. მორატორიუმი არ არის მუდმივი, დროებითია, აქვს თავისი დასასრული, როგორც ყველაფერს ამ წუთისოფელში.

 

ლოგიკა, რომელიც შეწყალებას უნდა უსწრებდეს წინ, არის საერთო საზოგადოებრივი კონსენსუსის საგანი. საქართველოს საზოგადოება ყველა ერის ტრადიციების გათვალისწინებით კარგად იცნობს იმ განწყობებს, თუ რა შემთხვევაში იქნება ხელისუფალის მიერ შეწყალება მიღებული პოზიტიურად. რეკომენდაციები უკვე იყო. მე მხარს ვუჭერ იმას, რასაც არჩილ თალაკვაძე ამბობს და მასაც ეს რეკომენდაციები და მოსაზრებები პირადი განწყობით არ გაუკეთებია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს შეწყალების საკითხზე მომუშავე სათათბირო ორგანოს შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა და როგორც სააგენტოს აცნობა, სწორედ კომისიის ან სათათბირო ორგანოს შექმნაა „შეწყალების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტის ძირითადი არსი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეკომენდაციებისათვის საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. თავის მხრივ რეკომენდაციები აქვს პარლამენტსაც.

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოში განხორციელებულ შეწყალებას საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა, ვინაიდან შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირიც შედის. საზოგადოების პროტესტის შემდეგ პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და შეწყალების საკითხთან მიმართებაში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დააანონსა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი