logo_geo
კახა კალაძე: უმნიშვნელოვანესია ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:33

 

 

თბილისის მერი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.

 

კახა კალაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საინვესტიციო პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, რეგიონების გაძლიერების, ტურიზმისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით.

 

„სწორედ მსგავსი პროექტების პარალელურად იზრდება ტურისტული მიმართულება და უამრავი ადამიანი სტუმრობს ჩვენს დედაქალაქს. თბილისი არის ტურისტული ცენტრი და მსგავსი პროექტების განხორციელება არის უდიდესი საქმე. ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა ასევე უპასუხა მედიის შეკითხვას, მთაწმინდის ფერდის გამწვანებასთან დაკავშირებით.  კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს.

 

„თბილისში დღეს გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა გამხმარ და დაავადებულ ხეებთან, განსაკუთრებით ფიჭვებთან დაკავშირებით.  მერიამ დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელიც დაავადებული ფიჭვების ჩანაცვლებას ითვალისწინებს, თუმცა, პრობლემა მასშტაბურია. სამწუხაროდ, დაავადება, რომელიც ხეებს აქვს, გადამდებია და ჯანსაღი ხეებისთვის დამაზიანებელი. როგორც გითხარით, დაწყებული გვაქვს ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში დაავადებული ხეების მოჭრის სამუშაოები და მათი ჩანაცვლება. მთაწმინდა-კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ თვალსაზრისით. ასევე წყნეთის ფერდობზე გვაქვს პრობლემა, სადაც ფიჭვების დიდი ნაწილი გამხმარია. შესაბამისად,  მისასალმებელია ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, საკუთარი ფინანსებით განახორციელოს გამწვანების პროექტი, რაშიც, დაახლოებით, 15 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს. ჩვენ ბიზნესს არაერთხელ მოვუწოდეთ ჩართულობისკენ, თანადგომისკენ, რადგან ეს საერთო პრობლემაა და მხოლოდ დედაქალაქის მერიის პრობლემა არ არის. ანუ, ეს იქნება ივანიშვილის პირადი ხარჯი, დაახლოებით 15 მლნ ლარის პროექტი განხორციელდება ახალი ხეების დასარგავად. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და გალამაზდება მთაწმინდის  ფერდი, რომელიც, გარკვეულწილად, დაავადებული ხეების გამო, პრობლემურ მდგომარეობაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი