logo_geo
გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
- +

5 ნოემბერი. 2019. 02:02

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან.

 

მარკ რუტემ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.

 

ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რამდენადაც ნიდერლანდების სამეფოს, ორმხრივ ფორმატში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად ეწვია.

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას.

 

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოში ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას და გამოითქვა იმედი, რომ ამ კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება.

 

შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

 

big_banner
არქივი