logo_geo
დავით ზალკალიანი: ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა
- +

6 ნოემბერი. 2019. 11:43

 

 

 

„ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგების შეფასებისა და მომავალი მიზნების განსასაზღვრად“, -  ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს და შემდეგი სახის განცხადებას ავრცელებს:

 

„ეს შეხვედრები მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგების შეფასებისა და მომავალი მიზნების განსასაზღვრად. 2009 წელს პოლონელებისა და შვედების მიერ ინიცირებული ეს ფორმატი, მართლაც რომ გარდამტეხი და ისტორიული აღმოჩნდა მთლიანად რეგიონისთვის და განსაკუთრებით საქართველოსთვის, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატიდან მისი ასოცირებული პარტნიორის სტატუსამდე ტრანსფორმირდა.

 

ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა. ჩვენ ამ გზას წარმატებით გავდივართ და აღმოსავლეთ პარტნიორობამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ შექმნილა წევრობის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოებისთვის.

 

დღეს აქტიურად განვიხილავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალს 2020-ის შემდგომ. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში გათვალისწინებული იქნას აღმოსავლეთ პარტნიორობაში ჩართული ქვეყნების ინდივიდუალური მისწრაფებები და ის პროგრესი, რასაც ქვეყნებმა ამ გზაზე მიაღწიეს. საქართველოს უკვე აქვს ვიზა-ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, რაც სწორედ რომ იმ კომპლექსური რეფორმების შედეგია, რომელიც ქვეყანამ ინიციატივის ფარგლებში განვლო.

 

ჩვენი ხედვით აღმოსავლეთ პარტნიორობამ უნდა გახსნას წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარში ეტაპობრივი ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც საქონლის, კაპიტალის, მომსახურების თავისუფალი გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, და რაც მთავარია, როგორც დღეს ჩემმა შვედმა კოლეგამ მინისტერიალის გახსნით სიტყვაში თქვა „EU should keep door open!“ - ნათქვამია დავით ზალკალიანის განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი