logo_geo
ეკატერინე ტიკარაძე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მალე აღიჭურვება უახლესი ტექნიკით
- +

6 ნოემბერი. 2019. 15:03

 

 

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა მალე აღიჭურვება უახლესი ტექნიკით და ის დარჩება სახელმწიფოს მართვაში, როგორც მუნიციპალური საავადმყოფო“, -ამის შესახებ დღეს ბათუმში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობას ეწვია და მშენებლობის დასრულების შემდეგ არსებულ სიტუაციას გაეცნო.

 

მინისტრი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სამედიცინო პერსონალს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

 

შეხვედრაზე არ დასახელებულა კონკრეტული თარიღი, როდის გაიხსნება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობა, თუმცა, როგორც მინისტრმა, ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ კლინიკა მალე გაიხსნება, ზუსტად იმ დროში, რა დროც შესყიდვების განხორციელებას და აპარატურის მონტაჟს დასჭირდება.

 

„მადლობა, რომ მოთმინებითა და გაგებით ელოდებოდით მშენებლობის დასრულებას. ძალიან მალე შეძლებთ პირველი პაციენტების მიღებას და ხარისხიანი მომსახურების გაწევას“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

სამედიცინო პერსონალი, საავადმყოფოს გახსნის თარიღის გარდა, დაინტერესდა, ექნება თუ არა საავადმყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსი.

 

„საუნივერსიტეტო კლინიკები იქნებიან სახელმწიფო კლინიკები. ეს არის ჩვენი და სახელმწიფოს ვალი, რომ მომზადდნენ კვალიფიციური კადრები. უმოკლეს ვადაში ვიწყებთ მოლაპარაკებებს კომპანიებთან, რათა დაიწყოს შესყიდვები. დავიწყებთ ეტაპობრივად. ამ ყველაფერს დავიწყებთ მყისიერად და რა დროც დასჭირდება აპარატურის შეძენასა და მონტაჟს, სწორედ ეს დრო იქნება საჭირო საავადმყოფოს გახსნისთვის“, - უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ ექიმებს.

 

ექიმმა ბენო ჭელიძემ შეხვედრაზე ეჭვი გამოთქვა, რომ ბიუჯეტში საავადმყოფოს აღჭურვისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ექიმებს არ აქვთ იმდენი დრო, ბიუჯეტი შეისწავლონ, ეს არის მთავრობის პრობლემა და მთავრობა იზრუნებს ექიმებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე.

 

მინისტრმა პირობა დადო, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისა და ფუნქციონირების გარანტი თავად იქნება.

 

 

big_banner
არქივი