logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: არ შეიძლება, მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გაუჩინო და შემდეგ იმედი გაუცრუო
- +

7 ნოემბერი. 2019. 13:20

 

„რაც შეეხება NATO-სთან ურთიერთობას, ორ სიტყვაში ვიტყოდი - ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დასრულების შემდეგ, მედიასთან განაცხადა.

 

„პირველ რიგში, მე მინდა, შევაჯამო კონფერენცია და ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული კონფერენცია, 300-მდე მონაწილე გვყავდა. ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე იქნა დისკუსიები გახსნილი და ჩვენ ძალიან საინტერესო პასუხები მივიღეთ, კითხვებიც საინტერესო დაისვა. ჩვენ დავამკვიდრეთ ძალიან კარგი ტრადიცია იმის, რომ მაღალი დონის, რანგის დელეგაციები სტუმრობენ ბათუმს და სწორედ ბათუმში ტარდება უსაფრთხოების კონფერენცია. მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს უამრავი გამოწვევა, რომელზეც იყო გახსნილი დისკუსიები და ამომწურავი პასუხები გავეცით ყველა კითხვას, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში დაისვა. ასევე მინდა გითხრათ ის, რომ ჩვენ მადლიერებით აღვნიშნავთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერასა და ჩართულობას, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად ჩვენი ქვეყანა არის გაძლიერებული და დაფასებული მთელს საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კითხვაზე, თუ რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს ლონდონის ლიდერთა სამიტის შეხვედრისთვის, განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას სწორი მოლოდინები.

 

„რაც შეეხება NATO-სთან ურთიერთობას და ზოგადად მოლოდინებს: მე ყოველთვის მითქვამს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სწორი მოლოდინები. არ შეიძლება, მოსახლეობას ცრუ მოლოდინები გაუჩინო და შემდეგ იმედი გაუცრუო, ეს არის უდიდესი შეცდომა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა დაშვებული. ჩვენ მსგავსი პოლიტიკა არ გვაქვს, პირიქით, ჩვენ NATO-სთან მჭიდრო კოორდინაციით, მჭიდრო კომუნიკაციით ვატარებთ სწორ პოლიტიკას, სწორი კომუნიკაცია გვაქვს საზოგადოებასთან მათი ინფორმირებულობის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, რომ შევაჯამოთ, ჩვენი პოლიტიკა არის, ორ სიტყვაში ვიტყოდი - ჩვენ უნდა ვიყოთ მოთმინებით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად. აი, ეს არის ძირითადი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი