logo_geo
გიორგი ვოლსკი: ია კერზაიას საქმესთან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციაა
- +

7 ნოემბერი. 2019. 14:36

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის დაკავშირება ია კერზაიას საქმესთან პოლიტიკური სპეკულაციაა.

 

ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი ვოლსკი ოპოზიციის შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მინისტრის პოსტის დატოვება პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას არ ნიშნავს.

„ღია საზოგადოება ვართ, სამართლებრივი სისტემა არსებობს და შესაბამისი კონვენციის წევრებიც ვართ. აქედან გამომდინარე, სტრასბურგი ვერ იქნება მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არ იქნება რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდება. ამ საკითხთან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის დაკავშირება არის პოლიტიკური სპეკულაცია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

გიორგი ვოლსკი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შესაძლო გაყოფის საკითხსაც გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ფინანსურ დანახარჯებს არ მოითხოვს.

 

„თუ მსჯელობის საგანი იქნება სამინისტროს გაყოფა, ვფიქრობ, რომ კულტურისა და სპორტის სფეროს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. არავის დაუმალავს, რომ ასეთი მოსაზრებები არსებობს, რადგან დარგს ყურადღება სჭირდება. თუ ამისთვის ცალკე უწყება იქნება საჭირო და ამ აზრისკენ ბევრი იხრება, გადაწყვეტილებაც შესაბამისი უნდა იყოს, თუმცა, ამას მნიშვნელოვანი გავლენა არ უნდა ჰქონდეს ბიუჯეტზე, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. სხვა ცვლილებებზე საუბარი არ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

შეგახსენებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა  დატოვა.

 

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად შესაძლოა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის კანდიდატურაც განიხილებოდეს.

 

ამასთან, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა არ გამორიცხა, რომ სამინისტროს კულტურის მიმართულება გამოეყოს, რომლის მინისტრადაც ბადრი მაისურაძის კანდიდატურა განიხილება.

 

 

 

 

big_banner
არქივი