logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია შეაჯამა
- +

7 ნოემბერი. 2019. 15:51

 

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია დასრულდა. ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო დღის წესრიგის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ექსპერტებისა თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი შეფასებები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შეაჯამა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კონფერენციამ ხელი შეუწყო ბევრი საინტერესო იდეის გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას. მისი განაცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავებისთვის.

„უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებთან გამკლავება საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ერთიანობას მოითხოვს, რომელიც მიმართულია მზადყოფნისკენ, შეკავებისა და მდგრადობისკენ. ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუდმივი პოლიტიკური, პრაქტიკული და ფინანსური დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ევროატლანტიკური ინტეგრაცია სტაბილური სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გარდაუვალი განვითარებისთვის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს. ეს არა მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მთელი შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს, რაც ბუნებრივად აძლიერებს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:

 

„საქართველომ დაამტკიცა, რომ NATO-ს ყველაზე ერთგული, თავსებადი და სანდო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანაა. საქართველო არამარტო იღებს ღირებულ გამოცდილებას, არამედ თავდაჯერებულად უზიარებს ინსტიტუციურ ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკას მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო განაგრძობს NATO -სთან თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენებით, რაც ზრდის ჩვენს ურთიერთთავსებადობას და ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ეს კი აისახება პრინციპით - მეტი NATO საქართველოში, რაც პრაქტიკაში, საქართველოში NATO-ს გაძლიერებულ ჩართულობასა და აქტივობებში გამოიხატება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ გზით საქართველო არა მხოლოდ გააძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, არამედ გაზრდის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საქმეში მის კონტრიბუციას.

 

„ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ეფექტიანი გამკლავება ერთობლივი ძალისხმევითა და შეჯერებული შესაძლებლობებით არის შესაძლებელი. მოვუწოდებ ყველას, ვიმოქმედოთ ერთად, ერთიანი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ჩვენი უსაფრთხო მომავლის საწინდარია“, - ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსვლა ბათუმში გამართული საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია.

 

 

big_banner
არქივი