logo_geo
კახა კალაძე: ბოლოს კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს
- +

8 ნოემბერი. 2019. 14:33

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება და ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნება დაცული“,- აღნიშნა კალაძემ.

 

კითხვაზე, უყურა თუ არა ფილმს, კალაძემ უპასუხა:

 

„სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ („And Then We Danced“) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

 

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ.  „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებას“ მხარს უჭერს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ „ამირანსა“ და „აპოლოში“ ჩვენების დროს ელექტროენერგია გაითიშოს. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

 

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ  ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

 

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადება  გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

 

შსს-ში  კი განმარტავენ, ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

 

 

big_banner
არქივი