logo_geo
მარიამ ჯაში: არ შეიძლება, კულტურა რაიმე ცენზურას დაექვემდებაროს
- +

8 ნოემბერი. 2019. 15:58

 

 

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, თითოეულ ადამიანს თავისი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ არ შეიძლება, კულტურა რაიმე ცენზურას დაექვემდებაროს.

 

როგორც ჟურნალისტებს ჯაშმა განუცხადა, დღეს სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში.

 

„საქართველოს სახელით „ოსკარის“ ხუთეულისთვის ფილმი „შინდისი“ იბრძვის, სადაც მოთხრობილია შინდისის გმირების ისტორია. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით გადის, ამდენად, პრიორიტეტს იმ ფილმს მივანიჭებდი, რომელიც საქართველოს კინოინდუსტრიის მხრიდან არის არჩეული და წარდგენილი. ოკუპაციისა და უდიდესი გმირობის მსოფლიოსთვის გაცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია „შინდისის“ პოპულარიზაცია. შესაბამისად, ეროვნული ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სახელით წარდგენილი ფილმის პოპულარიზაციაზე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, სახელმწიფო იმოქმედებს სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში, რადგან კულტურა არის ცენზურის გარეშე“, - განაცხადა ჯაშმა.

 

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ („And Then We Danced“) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

 

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

 

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

 

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.

 

 

big_banner
არქივი